VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 იბერია 1999. ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა

ბათუმის “დინამომ” ყველა კომპონენტში დაჯაბნა “იბერია” და ჩემპიონატის თანალიდერი გახდა “რუსთავთან” ერთად. არადა, დაკარგული ქულებით ლიდერი სულ სხვა გუნდია – თბილისის “დინამო”, რომელსაც ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ჭიაბრიშვილს გუნდმა პრაგმატული და სანახაობრივი ფეხბურთის ნაზავი გვიჩვენა, რითაც გაკვეთილი ჩაუტარა დემჩენკოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მუშაობდა ბათუმის “დინამოში”, “იბერია” კი (ყოფილი “საბურთალო”) მისთვისაც ყოფილი გუნდია.
ბათუმელთა კოზირად იქცა იმრანი, რომელიც შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე და სწორედ მისი საგოლე პასებით გაიტანეს ჯერ მაურიდესმა, ხოლო შემდეგ კირკიტაძემ.
რა თქმა უნდა, მოქმედი ჩემპიონი გულხელდაკრეფილი არ მჯდარა – უტევდა და აქა-იქ მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ ბათუმელებს პირველიდან ბოლო წუთამდე არ დაუკარგავთ თამაშზე კონტროლი და საბოლოო ანგარიშიც ზუსტად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა.
მომდევნო ტურში (13 სექტემბერი) “იბერია”, რომელიც მე-4 ადგილზეა, “სპაერს” უმაპინძლებს, ხოლო ბათუმის “დინამო” იმავე დღეს სტუმრად შეხვდება გორის “დილას”.
დინამო (ბთ)-იბერია 1999 2:0
1:0 მაურიდესი (62, იმრანის პასით), 2:0 კირკიტაძე (87, იმრანის პასით)
დინამო (ბთ): ყალიჩავა, ტურიცოვი (ჯაფარიძე 73), მაჰმუტოვიჩი (ჩიტეიშვილი 73), კარლსონი, ლაკვეხელიანი (კალეი 59), ალთუნაშვილი, ეშეტე (იმრანი 54), მარა, კირკიტაძე, წულუკიძე (მილჩენკო 59), მაურიდესი
იბერია: მეგრელიშვილი, ბოჭორიშვილი, ამისულაშვილი, ალჰასანი (ჩანჩარი 84), ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი, ტიბუე (ძაგანია 66), კაფე (ბედოშვილი 76), ნაჭყებია, სიხარულაშვილი
არბიტრი: კობა რევაზაშვილი
90-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს ბაქარ ქარდავა (იბერია 1999)