“ტრამპის პოლიტიკური ბლეფი რუსულ დიზელზე” – რომან გოცირიძე
ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ტრამპის მიერ რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერება პოლიტიკური ბლეფია, რომლის რეალური მიზანი რუსეთისთვის სანქციების მოხსნა და პუტინთან დათმობების გამართლებაა.

ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, რომან გოცირიძე:
რატომ შეაჩერა ტრამპმა 6 თვით სანქციები რუსული წარმოშობის დიზელზე და რა პოლიტიკური შედეგების მიღწევას გეგმავს ამით?
1. კარტერის გაკვეთილი და ტრამპის პოლიტიკური ბლეფი რუსულ დიზელზე
ჯიმი კარტერის გაკვეთილი ამერიკელი პრეზიდენტების კოშმარია. ყოველ ამერიკელ პრეზიდენტს მწარედ ახსოვს 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუცია, რომელმაც ნავთობის გლობალური კრიზისი და აშშ-ის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვია. ამან ამერიკელი ამომრჩევლის უკმაყოფილება პიკამდე მიიყვანა და კარტერის განმეორებით არჩევნებში მარცხი განაპირობა. სწორედ ამიტომ, თეთრ სახლში ყველამ იცის: საწვავის გაძვირებული ფასი ნებისმიერი მოქმედი პრეზიდენტისთვის პოლიტიკური განაჩენია.
2. ეკონომიკური რეალობა და ტრამპის რიტორიკა
სწორედ ამ „კარტერის სინდრომის“ ფონზე, დონალდ ტრამპის განცხადება, თითქოს რუსეთთან შეთანხმებით აშშ-ში რუსული დიზელი შევა და შიდა ბაზარს გააიაფებს, წმინდა წყლის პოლიტიკური ბლეფი და მოსახლეობისთვის თვალის ახვევაა:
აშშ დიზელის წმინდა ექსპორტიორია: ამერიკას რუსული დიზელი ფიზიკურად არ სჭირდება. ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სრულად ფარავენ შიდა მოთხოვნას და საწვავს ექსპორტზეც ყიდიან.
ფასს გლობალური მიწოდება განსაზღვრავს: დიზელი გლობალური ბირჟის საქონელია. თუ რუსეთი დამატებით დიზელს გამოიტანს ბაზარზე, ეს გლობალურ მიწოდებას გაზრდის, რაც მსოფლიო ფასებს დასწევს და ეს ავტომატურად აისახება ამერიკაზეც. ამერიკაში ფასი იკლებს გლობალური ბაზრის დაბალანსებით და არა იმით, რომ ამერიკულ პორტებში რუსული ტანკერები ჩადგება.
სასაცილო მოცულობები: ტრამპის მიერ დასახელებული მოცულობები აშშ-ის ერთდღიან მოხმარებასაც კი ვერ ფარავს, შესაბამისად, ამ საწვავის ფიზიკურ იმპორტს შიდა ბაზარზე ნულოვანი გავლენა ექნებოდა.
3. პოლიტიკური მიზანი-სანქციების მოხსნა და შიდა საჭიროებით შეფუთვა
რეალურად, ტრამპის მიზანი იყო რუსეთისთვის სანქციების მოხსნა, რაც მან ოსტატურად შეფუთა შიდა საჭიროებით და ამერიკელი მოქალაქეების გრძნობებზე ითამაშა. მან „საწვავის ფასების შველით“ გაამართლა საკუთარი არათანმიმდევრული და დათმობების პოლიტიკა მოსკოვის მიმართ.
შედეგად, ამერიკელ მომხმარებელზე ზრუნვის ლოზუნგით, მან რუსეთის სისხლიან რეჟიმს ფინანსური ამოსუნთქვის საშუალება მისცა და შელახა დასავლური სანქციების პოლიტიკა, ხოლო ეს ეკონომიკური მანიპულაცია საკუთარ საგარეო-პოლიტიკურ „გამარჯვებად“ გაასაღა.
4. რეაქცია ზელენსკის კრიტიკაზე
ტრამპის მოწოდება, რომ უკრაინამ ზელენსკი ახალი პრეზიდენტით ჩაანაცვლოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების გამო, იმავე პოლიტიკური თამაშის გაგრძელებაა: ის ცდილობს გლობალურ ბაზარზე საწვავის გაძვირება სრულად უკრაინას გადააბრალოს, რათა საკუთარი არათანმიმდევრული ნაბიჯები და პუტინთან გარიგებები გაამართლოს. ეს ნაბიჯი მორალურად გაუმართლებელი და პოლიტიკურად საშიშია, რადგან ტრამპი აგრესორთან დათმობაზე წასვლას აიძულებს მსხვერპლს და ამ ქვეყნის თავდაცვას საკუთარ მოკლევადიან საარჩევნო ინტერესებს უმორჩილებს.
5. დასკვნა
ტრამპის ეს ნაბიჯი ვერ შეცვლის შუალედური არჩევნების შედეგებს. ძალიან დიდი ალბათობით, 2 ნოემბერს ის წააგებს არჩევნებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და სრულიად მოულოდნელად, შესაძლოა სენატშიც დამარცხდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.