“რუსული დიზელი ოკეანეში გაიჭედა – მყიდველები არ ჩანან”– რომან გოცირიძე
რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერი ოკეანეში გაიჭედა, რადგან სანქციებისა და რეპუტაციული რისკების გამო ამერიკული კომპანიები მის შესყიდვაზე უარს ამბობენ.

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
რუსული დიზელი ოკეანეში გაიჭედა-სამი დიდი ტანკერი ამერიკის ნაპირებისკენ მიემართება, მაგრამ მყიდველები არ ჩანან.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსულ დიზელთან დაკავშირებული სანქციები დროებით შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საწვავის მიწოდების გაზრდა და აშშ-სა და მსოფლიო ბაზრებზე ფასებზე ზეწოლის შემცირება იყო.
ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ამერიკულ ბიზნესს რუსული საწვავი შეეძინა. კომპანიები თავს იკავებენ მისი შესყიდვისგან. მიზეზი სამართლებრივი, სასანქციო და რეპუტაციული რისკებია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში კონგრესმენთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და კომპანიებს რუსულ საწვავთან დაკავშირებული ოპერაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტისკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული ტანკერების საკითხი საჯარო დავის საგანი გახდა. სენატორებმა გადამზიდავ კომპანიას გემის უკან გაბრუნება მოსთხოვეს და გააფრთხილეს, რომ ტვირთის ამერიკულ პორტში გადმოტვირთვა აშშ-ს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. პარალელურად, კანონმდებლებმა ამერიკულ პორტებსა და ბანკებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსული დიზელის შესყიდვაში, ტრანსპორტირებასა თუ მიღებაში. ამან კიდევ უფრო გაზარდა გაურკვევლობა და ამერიკელი მყიდველებისთვის ასეთი გარიგება სარისკო და ნაკლებად მიმზიდველი გახადა.
ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროკავშირის სანქციებიც. აშშ-ის მიერ გარკვეული ოპერაციების დროებით დაშვება ევროკავშირის სანქციურ რეჟიმს ავტომატურად არ აუქმებს. შესაბამისად, ევროპულ შეზღუდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები კვლავ ძალაში რჩება.
დამატებით სირთულეს ქმნის სანქცირებული ტანკერებიც: თუ გადაზიდვაში ჩართული გემი ან მასთან დაკავშირებული კომპანია ევროკავშირის ან დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, შესაძლოა გართულდეს ტვირთის ტრანსპორტირება, დაზღვევა და სხვა მომსახურებების მიღება. საბოლოოდ, რუსული დიზელის გაყიდვის შესაძლებლობას მხოლოდ მყიდველის მზადყოფნა და ფასი კი არა, სანქციებთან შესაბამისობაც განსაზღვრავს.
შედეგად, რუსული დიზელისთვის ამერიკული ბაზარი ჯერჯერობით გარანტირებული არ არის და აღნიშნული ტვირთები შესაძლოა ალტერნატიულ ბაზრებზე, პირველ რიგში, ბრაზილიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაიყიდოს-ალბათ, დიდი ფასდაკლებითაც.
ისეთი პირი უჩანს, რომ ამ გარიგებით ვერც ტრამპმა და ვერც პუტინმა ვერ იხეირა. კონგრესის არჩევნების წინ რუსული ტანკერების ამერიკის პორტებში არშეშვება დამატებითი დარტყმა იქნება ტრამპისთვის.
რადგან დარტყმა ვახსენეთ-დღეს ზელენსკის ძლიერად დაარტყა კიდევ ერთ დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. მოთმინებასაც საზღვარი აქვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…