რუსეთის საგარეო უწყება - ყურადღება უნდა გამახვილდეს თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისმა სოხუმსა და ცხინვალს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები უნდა მისცეს და მათთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დაიწყოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველომ კვლავ ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიები უნდა გასცეს და ე.წ. საზღვრების დემარკაცია უნდა მოხდეს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა 9 ოქტომბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან: გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან.
“ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.