რაფაელ გლუკსმანმა ცენტრისტი მემარცხენეების საპრეზიდენტო პრაიმერიზში გაიმარჯვა
ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ხმების 66.13%-ით ცენტრისტი მემარცხენეების საპრეზიდენტო პრაიმერიზში გაიმარჯვა და საფრანგეთის 2027 წლის არჩევნებში დემოკრატიული მარცხენა ფრთის კანდიდატი გახდა.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა, რაფაელ გლუკსმანმა "სოციალისტური პარტიისა" და თავისი პარტიის, "საჯარო მოედნის" მიერ ორგანიზებულ პრაიმერიზში გაიმარჯვა - ცენტრისტი მემარცხენე პარტიები საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.
გლუკსმანმა ხმების 66.13% მოიპოვა, "სოციალისტური პარტიის" პირველმა მდივანმა, ოლივიე ფორემ კი - ხმების 14.48%. მესამე ადგილზე საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, სეგოლენ რუაიალი ხმათა 7.62%-ით გავიდა.
"დემოკრატიამ თავისი სიტყვა წარმოთქვა და შედეგი ცალსახაა: ამგვარად, მე ამ საღამოს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული მარცხენა ფრთის კანდიდატი გავხდი". - თქვა გლუსკმანმა შედეგების გამოცხადების შემდგომ.
გლუკსმანმა ხაზი გაუსვა, რომ ის "მაკრონიზმისგან და ფრანგულ მარცხენა ფრთაში ჟან-ლუკ მელანშონის ჰეგემონიისგან მოწყვეტის კანდიდატი" იქნება. მისივე თქმით, ის "ეროვნულ გაერთიანებას" დაამარცხებს და "მარინ ლე პენი 2027 წლის მაისში ელისეის სასახლეში არ იქნება".
ცნობისთვის გლუკსმანი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით პროუკრაინულ კურსს ემხრობა. საპრეზიდენტო კამპანიის გამოცხადებისას მან აღნიშნა, რომ პრაიმერიზში გამარჯვების შემთხვევაში ულტრამემარცხენე კანდიდატ ჟან-ლუკ მელანშონთან "შეთანხმებას არასდროს დადებს". მისივე თქმით, მემარცხენეებს "მელანშონის აღარ უნდა ეშინოდეთ".
ამასთან, გლუკსმანმა მარინ ლე პენსა და მის ულტრამემარჯვენე პარტიას, ეროვნულ გაერთიანებას "ტრამპისა და პუტინის ლაქიები" უწოდა.
პარალელურად, კანდიდატურის წარდგენისას გლუკსმანმა თქვა, რომ ის "კლასიკურ პოლიტიკურ თარგზე არ არის მოჭრილი" და რუანდაში გენოციდის მსხვერპლებს, ხოლო საქართველოსა და უკრაინაში რუსულ იმპერიალიზმისადმი წინააღმდეგობას უჭერდა მხარს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„დემოკრატიამ თავისი სიტყვა წარმოთქვა და შედეგი ცალსახაა: ამგვარად, მე ამ საღამოს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული მარცხენა ფრთის კანდიდატი გავხდი“
„კლასიკურ პოლიტიკურ თარგზე არ არის მოჭრილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.