კობახიძე: ივანიშვილისთვის აშშ-ის სანქციები არ არის საინტერესო, მთავარია სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის და მთლიანი გუნდისთვის აშშ-ის სანქციები არ არის საინტერესო და მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა.

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და შესაბამისად, არც მთლიანად გუნდისთვის აშშ-ის სანქციების საკითხი საინტერესო არ არის, ერთადერთი, რაც აინტერესებთ, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 9 ოქტომბერს, მედიის შესაბამისი შეკითხვების პასუხად განაცხადა.
"როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი სიტყვებით ამ მიმართულებით "განაცხადი გაკეთებული" აქვთ და ელოდებიან "შემხვედრ ნაბიჯებს".
მან ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მხრიდან 2024 წლის 27 დეკემბერს დაწესებულ სანქციებს "წინა ადმინისტრაციის აბსურდი" უწოდა. სანქციები ამ დრომდე მოქმედია.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა სანქციები მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები შეეხო Credit Suisse-თან მის დავასაც.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - განაცხადა მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
"მთავარი არის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად ჩვენთვისაც არ არის საინტერესო რა იქნება, როგორ იქნება გარდა ერთსა, სტრატეგიული პარტნიორობა თუ ადგება ეს იქნება ყველაფრის ნიშანი", - თქვა კობახიძემ.
მან გაიმეორა, რომ ამ მიმართულებით, ინარჩუნებენ ოპტიმიზმს. "მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებშიმ მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს, ასევე დღესაც ვუყურებთ მშვიდად პროცესებს. მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის. არის გაჯანსაღებული, არსებითად, ურთიერთობები. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პატრიორობა აღდება. დანარჩნი ყველაფრი არის მთლიანად დამოკიდებული ამერიკულ ადმინისტრაციაზე".
კობახიძის თანახმად, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის საკითხი, დააყენა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროსაც. რაც შეეხება მათგან მიღებულ პასუხს, ამაზე კობახიძემ თქვა, რომ დეტალებს ვერ მოჰყვება, "იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ღია კომუნუიკაცია, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა".
შეჩერებული პარტნიორობა
აშშ-სა და საქართველოს შორის 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოქმედება ვაშინგტონმა 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა.
აშშ საქართველოს ხელისუფლებას მანამდეც აკრიტიკებდა ე.წ. „აგენტების კანონის“, ანტიდასავლური რიტორიკისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო. 2024 წელს ვაშინგტონმა საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვა დაიწყო, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და სხვა პირებს და საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილი შეაჩერა.
პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება კი მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში აღარ დააყენებდა, და ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლას.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა“ დაარღვია სტრატეგიული პარტნიორობის საფუძვლად არსებული პრინციპები - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის ერთგულება.
საქართველოს ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესება სხვაგვარად ახსნა. ირაკლი კობახიძემ ის აშშ-ის ექს-პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციის „უსამართლო“ პოლიტიკას დაუკავშირა.
2026 წლის მაისში კობახიძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა იმიტომ შეწყდა, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო და „მეორე ფრონტი არ გახსნა“.
2025 წლიდან კობახიძე სისტემატურად აცხადებს, რომ საქართველო მზად არის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“, ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული „კონკრეტული გზამკვლევით“ აღადგინოს.
ეს გზავნილი მან 2025 წლის მაისში დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი ღია წერილშიც გაიმეორა. იგივე პოზიცია საქართველოს ხელისუფლებამ 2026 წელსაც არაერთხელ დააფიქსირა. მათ შორის, მარტში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან კობახიძის სატელეფონო საუბრის შემდეგ, მაისსა და ივნისში გაკეთებულ განცხადებებში და 26 აგვისტოს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზთან შეხვედრისას.
ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საქართველოს ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, ვითარება ამ დრომდე არსებითად არ შეცვლილა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მისი მოკავშირეების მიმართ დაწესებული სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება. გარდა ამისა, 2026 წელს აშშ-მა სამხრეთ კავკასიის ორ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობები გააღრმავა - თებერვალში აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის ქარტია გაფორმდა, მაისში კი სომხეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია განახლდა.
ციტატები სტატიიდან
„როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“
„მთავარი არის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად ჩვენთვისაც არ არის საინტერესო რა იქნება, როგორ იქნება გარდა ერთსა, სტრატეგიული პარტნიორობა თუ ადგება ეს იქნება ყველაფრის ნიშანი“
„მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებშიმ მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს, ასევე დღესაც ვუყურებთ მშვიდად პროცესებს. მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის. არის გაჯანსაღებული, არსებითად, ურთიერთობები. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პატრიორობა აღდება. დანარჩნი ყველაფრი არის მთლიანად დამოკიდებული ამერიკულ ადმინისტრაციაზე“
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“
„იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ღია კომუნუიკაცია, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.