ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს, ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და კონკრეტული ქართველი თანამდებობის პირების სანქცირებას.

ევროპარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე დღეს, 8 ოქტომბერს მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”.
რეზოლუციას 445 ევროპარლამენტარი მიემხრო, 37- წინააღმდეგი იყო, 97-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეთანხმებულ რეზოლუციაში გაკრიტიკებულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა. რეზოლუციის ინიციატორები მოიხთხოვენ უკან იქნება გაწვეული ამ საკითხვე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს „ერთპარტიულ რეჟიმად“ ქცევაა.
რეზოლუციაში ეს მიდგომა რუსეთისა და ბელარუსის მოდელსაა შედარებული.
დოკუმენტში ასევე შეშფოთებაა გამოხატული საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, - ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ 23 სექტემბერს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით „სერიოზული ეჭვები“ გააჩინა.
შეშფოთება გერმანული ფონდების დახურვის გამო
რეზოლუციის პროექტი ასევე ეხება საქართველოში გერმანული პოლიტიკური ფონდების საქმიანობის შეზღუდვას.
მასში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, 2026 წლის 30 სექტემბერს ორი გერმანული ფონდი იძულებული გახდა, თბილისში ოფისები დაეხურა.
ესენი იყვნენ კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები.
საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“.
„გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები“
ევროპარლამენტარები რეზოლუციაში „მკაცრად გმობენ“ საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვენ.
მათი განცხადებით, მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და მისი სასამართლო გზით გაქრობა დემოკრატიასთან შეუთავსებელია.
რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება ყველა „პოლიტიკური პატიმრის“, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ.
ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ „საბოტაჟის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების“ უკან წაღებას და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
პარლამენტი კომისიას კვლავ სთხოვს სანქციებს
რეზოლუციის პროექტში კონკრეტულად არიან მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე, - როგორც ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც, ევროპარლამენტარების თანახმად, სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა დაწესდეს.
დოკუმენტით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს „ევროპარლამენტის მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“.
„ჩალის ფასი აქვს“ - „ქართული ოცნება“
ევროპარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო არაერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლებითაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა, კანონის უზენაესობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.
„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რეზოლუციებს, - მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, - „ჩალის ფასი აქვს“.
მეტიც, - ლიდერების განცხადებით, მსგავსი რეზოლუციები, - როგორიც ჰქონია აფასებს ევროპარლამენტსაც და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, - „საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე შეტევად“ აფასებს.
ციტატები სტატიიდან
„ჩალის ფასი აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.