ევროპარლამენტი “ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე იმსჯელებს
7 ოქტომბერს ევროპარლამენტი სტრასბურგში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე დებატებს გამართავს, ხოლო 8 ოქტომბერს რეზოლუციას კენჭს უყრის.

7 ოქტომბერს ევროპარლამენტი სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე საქართველოში “ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე დებატებს გამართავს, მომზადებულ რეზოლუციას კი ევროპარლამენტარები 8 ოქტომბერს უყრიან კენჭს.
საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევების შესახებ გადაუდებელი დებატების ფარგლებში მოხვდა. პროცედურა ევროპარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლით იმართება.
რეზოლუციის პროექტები ამ დროისთვის გამოქვეყნებული არ არის. ევროპარლამენტის წესების მიხედვით, საკითხზე პროექტების წარდგენა პოლიტიკურ ჯგუფებს, შესაბამის კომიტეტს ან ევროპარლამენტართა განსაზღვრულ რაოდენობას შეუძლიათ. ხოლო რამდენიმე პროექტის არსებობის შემთხვევაში მათ ავტორებს ერთობლივ ტექსტზე შეთანხმებაც შეეძლებათ. შესაბამისად, ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა მოთხოვნები შევა საბოლოო რეზოლუციაში.
დებატები მას შემდეგ იმართება, რაც 24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი პოლიტიკური ძალის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.
N1979 სარჩელი ეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “კოალიციას ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”, “ძლიერ საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, “ფედერალისტურ პარტიასა” და პარტიას “გახარია საქართველოსთვის”.
ევროპარლამენტმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა 2026 წლის ივნისში მიღებულ, 2025 წლის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე მომზადებულ რეზოლუციაშიც დაგმო. იმავე ტექსტში ევროპარლამენტმა ევროკავშირის საბჭოსა და წევრ ქვეყნებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების გზაზე დაბრუნებამდე საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ ვერ წაიწევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.