რუსეთში ჩარხსაშენ ქარხანასა და Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე, სავარაუდოდ, იერიში მიიტანეს
რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში მდებარე ჩარხმშენებელ ქარხანა „სასტასა“ და მასთან არსებულ Yandex-ის მონაცემთა ცენტრში, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა და სავარაუდოდ იერიში მიიტანეს, რასაც კომპანიის მუშაობაში მასშტაბური შეფერხებები მოჰყვა.

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში მდებარე ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ობიექტზე განთავსებულია Yandex DC-ის მონაცემთა ცენტრიც.
ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაზე თავდასხმა მოხდა.
Astra-ს ცნობით, მათმა ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსმა თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრებით დაადგინა, რომ ხანძარი ჩარხმშენებელი ქარხანა სასტას ტერიტორიაზე გაჩნდა. Wikimapia-ს მონაცემებით, ქარხნის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია Yandex DC-ს მონაცემთა ცენტრი. გასულ თვეში მონაცემთა ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს კადრები, სადაც პირადად წარადგინეს არსებული აღჭურვილობა და განაცხადეს, რომ ობიექტი რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში მდებარეობს.
ქარხანა სასტა სპეციალიზებულია ლითონდასამუშავებელი რიცხვითი პროგრამული მართვის (CNC) ჩარხების წარმოებაში. კომპანიის აღჭურვილობა გამოიყენება რუსეთის თავდაცვის, აეროკოსმოსურ, სატრანსპორტო და მძიმე მრეწველობაში.
Astra-ს განმარტებით, რუსეთის თავდაცვითი მრეწველობისთვის სასტა საწარმოო ბაზას უზრუნველყოფს, მისი დაზგა-დანადგარები მაღალი სიზუსტის ლითონის დეტალებისა და კომპონენტების დასამზადებლადაა აუცილებელი. სასტა სპეციალიზებულ ტექნიკას წარსულში კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაციის როსკოსმოსის ობიექტებსაც აწვდიდა.
კომპანია კანადის, შვეიცარიის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აშშ-სა და იაპონიის მიერ არის სანქცირებული.
Exilenova+-ს ინფორმაციით, სასტაზე იერიშის მისატანად, სავარაუდოდ, რაკეტები ან რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
ამასთან, სასოვოში მდებარე მონაცემთა ცენტრზე თავდასხმის შემდეგ Yandex-ის მუშაობაში მასშტაბური შეფერხებები დაფიქსირდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…