ესენი პოლიტიკურად ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, უბრალოდ ესაა ის დაკვეთა, რომელიც ჰქონდათ ჩვენს ამომრჩევლებს - ირაკლი ზარქუა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა მათ მიმართ შიშს არ უკავშირდება. მისი თქმით, ოპოზიცია პოლიტიკურ საფრთხეს არ წარმოადგენს და სარჩელი ამომრჩეველთა დაკვეთაა.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა ოპოზიციისადმი შიშს არ უკავშირდება. ზარქუას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაცია IRI-ს კვლევების თანახმად, ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად რეიტინგის მხოლოდ 16% აქვთ, ხოლო მათი მხარდამჭერები აქციებზე მცირე რაოდენობით გამოდიან, რის გამოც ისინი "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურ საფრთხესა და კონკურენტს არ წარმოადგენენ.
"ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელი იმიტომ კი არ შეგვიტანია, რომ ამათი გვეშინია. აგერ IRI-მ, მათმა მხარდამჭერმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ამათ წერტილი დასვა. 1%-იანები არიან, ჯამში 16%. შეიძლება ეგეც გაზრდილია. მორჩა, დამთავრდა აქ. ესენი პოლიტიკურად ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ ის დაკვეთა, რაც ჰქონდათ ქართველ, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ გასამართლდეს რეჟიმი და აეკრძალოს ფაშისტურ ორგანიზაციის საქმიანობა, ამაზეა საუბარი. თორემ რა საფრთხეს წარმოადგენენ ესენი? - ერთმანეთისთვის არიან საფრთხე და მძევლები არიან ერთმანეთის, უკვე ხომ ნახეთ, აბა ერთმანეთს როგორ დაერივნენ და რა სიტყვებით ამკობენ.
რას ამბობთ, ყველაზე კარგი დემონსტრირება რა იყო? - IRI-ს კვლევებთან ერთად, სადაც ჯამურად ამათ აქვთ 16%, აგერ თითქოს განახლებული "ნაცმოძრაობა" რაღაც სიგიჟეები რომ მოიგონეს და აი ბელადის სადიდებლად პარკში რომ შეიკრიბნენ და დავითვალეთ, 77 კაცი იყო. 77 კაცზე მეტი არ გამოვიდა მხარდამჭერი აქციაზე. დამთავრდა ამით. დამთავრდა თემა. ჩვენთვის ესენი არ წარმოადგენენ რამე საფრთხეს პოლიტიკურს და კონკურენტს, რა სისულელეა. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ის ფაშისტური მიდგომები, რაც ჰქონდათ, ხელწერა, თქვენ გგონიათ დაავიწყდათ რომელიმეს? იგივე ხელწერა აქვთ, იგივე მიდგომა აქვთ, იგივე, აბა, დააკვირდით ეთერებში როგორ ემუქრებიან ჩვენ, ჩვენს მხარდამჭერებს, იგივე ნარატივი აქვთ, არ შეცვლილან," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ციტატები სტატიიდან
„რაღაც სიგიჟეები რომ მოიგონეს და აი ბელადის სადიდებლად პარკში რომ შეიკრიბნენ და დავითვალეთ, 77 კაცი იყო. 77 კაცზე მეტი არ გამოვიდა მხარდამჭერი აქციაზე. დამთავრდა ამით. დამთავრდა თემა. ჩვენთვის ესენი არ წარმოადგენენ რამე საფრთხეს პოლიტიკურს და კონკურენტს, რა სისულელეა. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ის ფაშისტური მიდგომები, რაც ჰქონდათ, ხელწერა, თქვენ გგონიათ დაავიწყდათ რომელიმეს? იგივე ხელწერა აქვთ, იგივე მიდგომა აქვთ, იგივე, აბა, დააკვირდით ეთერებში როგორ ემუქრებიან ჩვენ, ჩვენს მხარდამჭერებს, იგივე ნარატივი აქვთ, არ შეცვლილან,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.