სოფლის განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს
სოფლის განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ტექნიკის ღირებულების 30%-მდე, მაქსიმუმ 300 000 ლარამდე დაფინანსდება. განაცხადების ელექტრონული მიღება 8 დეკემბრიდან დაიწყება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქვეყანაში მექანიზაციის დონის ამაღლების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება. სოფლის განვითარების სააგენტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადებს, ელექტრონული ფორმით 8 დეკემბრიდან მიიღებს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არანაკლებ 20 ცხენის ძალის მქონე ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი სხვა ტექნიკის შეძენა (გარდა მოტობლოკებისა).
პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: არანაკლებ 2 ჰექტარი – ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ხოლო არანაკლებ 10 ჰექტარი – ყურძნის, მარცვლეულისა და სილოსის ამღები თვითმავალი კომბაინის თანადაფინანსების შემთხვევაში.
მიწის ნაკვეთი დადგენილების ამოქმედებამდე უნდა იყოს ბენეფიციარის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში, ან მიღებული ჰქონდეს სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით. საკუთრებისა და იჯარის უფლება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში, ხოლო იჯარის დარჩენილი ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს.
სააგენტოს თანადაფინანსება ტექნიკის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს შეადგენს. თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისა და შესაძენი ტექნიკის სახეობის მიხედვით: 2-დან 10 ჰექტრის ჩათვლით მიწის ფართობის შემთხვევაში - 75,000 ლარით, ხოლო 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის შემთხვევაში - 150,000 ლარით. ყურძნის, მარცვლეულის ან სილოსის ამღები თვითმავალი კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 300,000 ლარს შეადგენს.
პროგრამით სარგებლობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირები და რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები, რომლებშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს, პაის ან აქციას.
დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და წარმოებული უნდა იყოს პროგრამაში განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული წლით ადრე.
პროგრამის ბენეფიციარებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტის "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის" ქვეკომპონენტით.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…