თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები ჩატარდა, გაუმჯობესდა ფინანსური მაჩვენებლები, დასრულდა უღელტეხილის მოდერნიზაცია და იგეგმება გამტარუნარიანობის გაორმაგება.

„საქართველოს რკინიგზაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები ჩატარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგა როგორც საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით, ასევე შესყიდვების მიმართულებით, რამაც დიდი დანაზოგი მოუტანა საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გაუმჯობესებულია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და გაორმაგებულია რკინიგზის წმინდა მოგება. თამარ იოსელიანი ასევე აქცენტს იმ მნიშვნელოვან ისტორიულ პროექტებზე აკეთებს, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.
„დასრულდა უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გაეშვა სრულ ექსპლუატაციაში, 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა ბაქო-თბილისი სამგზავრო მატარებელი. ასევე თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე შემცირდა სამგზავრო დრო 5,5 საათიდან 4 საათამდე. ასევე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველოს რკინიგზა შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის განცხადებით, გაწეული სამუშაოების შედეგები უკვე სახეზეა - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ შესყიდვა პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსი დაიზოგა, რაც ასევე საქართველოს რკინიგზის განვითარებას მოხმარდება.
„წლის ბოლომდე ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 200 ახალი ვაგონის შესყიდვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობას. საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.