ირაკლი კობახიძე: თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში კორუფცია, კორუფციაც ჩემთვის არის „ნაცობა“, არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა“, ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის „ნაცობა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა წარმატება გუნდურობისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ხოლო პერსონალურ პასუხისმგებლობას და კორუფციასთან ბრძოლას უკავშირებს. მისი თქმით, მანკიერი მოვლენები, როგორიცაა კორუფცია და არასწორი ინტერპრეტაციები, მისთვის „ნაცობას“ წარმოადგენს.

თუკი ვინმემდე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა წარმატება არის გუნდის და გუნდურობის შედეგი, იქნება ეს საგარეო სფეროში, ეკონომიკის სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა საგარეო მიმართულებაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში კორუფცია.
„ბუნებრივია, აქაც იყო გუნდი და გუნდის პოლიტიკას, გუნდის ქმედებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები. ეს არის რეალური სურათი. გუნდის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, თუკი ვინმემდე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა წარმატება არის გუნდის და გუნდურობის შედეგი, იქნება ეს საგარეო სფეროში, ეკონომიკის სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში კორუფცია. ჩვენ რაც გავაკეთეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს იყო ის, რომ გავასუფთავეთ მთლიანად ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან. ქვედა დონეზე გრძელდება მუდმივად მუშაობა. ჩვენ გავაკეთეთ ეს და აქაც, მთავარი დამსახურება მიუძღვის ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილს, რომელიც გამოვიდა პარტიის ყრილობაზე და მკაფიო მინიშნება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამას სჭირდებოდა აღსრულება და ჩვენ აღვასრულეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება, ჩვენ მოვახერხეთ სწორედ ბოლო 2 წლის განმავლობაში. წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა პრინციპული გარდატეხის შესატანად და წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები და წლის ბოლომდე კიდევ რაღაცებს მივიყვანთ ბოლომდე. პრინციპულად გავათავისუფლეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან. თუ სადმე შეიძლება ვისაუბროთ ვინმეს პერსონალურ როლზე, ეს არის ზუსტად ის თემა - კორუფციასთან ბრძოლა.
ამ თემებში სიღრმისეულად ვერ შევალთ. ძალიან კარგად იცის მან, საიდან დაიწყო ეს პრობლემები, რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ იყო პრემიერი, 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო, ვინ იყო მაშინ პრემიერი. მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა. როცა იცის, რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის „ნაცობა“. აქედან ჩანს, რომ „ნაცობა“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პარტიულ კუთვნილებას. „ნაცური“ აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის „ნაცობა“, არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა“. ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის „ნაცობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.