ლევან მაჭავარიანი - ძალიან რთულია ბოლომდე ჩაწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს - ვისურვებდი, რომ ევრობიუროკრატები რეალურ სამყაროში დაბრუნდნენ
„ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებს რეალურ სამყაროში დაბრუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველო შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე არანაკლებ სჭირდება.

ძალიან რთულია ბოლომდე ჩაწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე - ვისურვებდი, რომ ევრობიუროკრატები რეალურ სამყაროში დაბრუნდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის შუა დერეფნის მნიშვნელობის გათვალისწინებით, „ევროკავშირს საქართველო არანაკლებ სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი“.
„ძალიან რთულია ბოლომდე ჩასწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე. სანამ ევრობიუროკრატები იმას არ შეიმჩნევენ, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით და სანამ ისინი არ გააცნობიერებენ იმ რეალობას, რომ ჩვენ შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ვართ, მანამდე ძალიან რთული იქნება ზოგადად რაიმე კომენტარის გაკეთება ამ განცხადებებზე. როდესაც ისინი გააცნობიერებენ, რომ მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიების ჩატარებისა, რომელიც ოპოზიციას თავად ჩაუტარეს, ვერ ჩაგვანაცვლეს არჩევნების გზით. გააცნობიერებენ იმას, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა და დაფინანსებისა, ვერც რევოლუცია მოაწყვეს საქართველოში. ვერც აგენტურული ოპოზიციით ჩაგვანაცვლებენ არჩევნებში და ვერც რევოლუციებს მოგვიწყობენ ბრიუსელის დაფინანსებით - ამ ყველაფრის გარანტი ქართველი ხალხია. როდესაც ისინი ამ ყველაფერს გააცნობიერებენ და გამოვლენ ილუზიიდან, უფრო მარტივი იქნება მათ ამ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება.
სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ადამიანზე, რომელსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს, საკუთარ ქვეყანაში ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ადამიანი, რომელიც კანდიდატ წევრ ქვეყნებს აშშ-სთან უკრძალავს ურთიერთობას. ძალიან რთულია მის ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ვისურვებდი, რომ ევრობიუროკრატები რეალურ სამყაროში დაბრუნდნენ. გააცნობიერონ, რომ აგენტურული ხელისუფლება ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში ვერც რევოლუციის და ვერც არჩევნების გზით. შუა დერეფნის მნიშვნელობა გაასმაგებულია და ევროკავშირს საქართველო არანაკლებ სჭირდება ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. უნდა აღიარონ, რომ ჩვენ შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანა ვართ და ნამდვილად ვესაზღვრებით შავ ზღვას. როდესაც ისინი ამ მარტივი ჭეშმარიტებების აღიარებას დაიწყებენ, დავრწმუნდებით, რომ რეალურ სამყაროში არიან და შესაბამისად, ოპტიმიზმიც გაჩნდება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.
მისივე თქმით, ის რაც ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.
„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა", - განაცხადა მარტა კოსმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ვისურვებდი, ევრობიუროკრატები დაბრუნდნენ რეალურ სამყაროში, გააცნობიერონ ის, რომ აგენტურული ოპოზიცია ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში - ლევან მაჭავარიანი მარტა კოსზე
- პირველი არხილევან მაჭავარიანი – აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოგვიწყობს ბრიუსელის დაფინანსებით, ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…