სოჭის სანაპიროს მახლობლად ტანკერი იწვის
რუსეთის საპორტო ქალაქ სოჭის მახლობლად, შავ ზღვაში, ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. ტელეგრამარხებზე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ეს იყოს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Aframax Rea, რომელიც უკრაინის სანქციების სიაშია შეყვანილი. სირიუსის მერმა დმიტრი პლიშკინმა განაცხადა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით პლაჟები დაიკეტება.

რუსულმა დამოუკიდებელმა მედია Novaya Gazeta Europe-მა რუსულ ტელეგრამარხებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საპორტო ქალაქ სოჭის მახლობლად, შავ ზღვაში, გემს ცეცხლი უკიდია.
Novaya Gazeta Europe-ის ცნობით, შესაძლოა, გემზე იერიში საზღვაო დრონებით მიიტანეს, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ამავდროულად, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ქალაქის თავზე ხანძარი და სქელი შავი კვამლი ჩანს.
რუსული ტელეგრამარხების თანახმად, შესაძლოა აღნიშნული ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Aframax Rea იყოს. საზღვაო მიმოსვლის ონლაინმონაცემთა მომწოდებელმა MarineTraffic-მა გემი ბოლოს 23 საათის წინ დააფიქსირა შავ ზღვაში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ნიჟნეიმერეთინსკაია ყურის მახლობლად.
ხომალდი Aframax Rea ნედლი ნავთობის გადამზიდი მსხვილი ტანკერია, რომელიც 2026 წლის 12 თებერვალს უკრაინის სანქციების სიაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად შეიყვანეს.
სოჭთან ახლოს მდებარე სპეციალური სტატუსის მქონე საქალაქო ოლქის სირიუსის მერმა განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.
დმიტრი პლიშკინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტავს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით პლაჟები დაიკეტება, ხოლო მოსახლეობას მოუწოდა მოერიდონ ქუჩაში დიდხანს დაყოვნებას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.