ბულგარეთის პრემიერმინისტრი: არ დავუშვებთ, რომ ბულგარეთის სანაპიროს საფრთხე დაემუქროს
ბულგარეთის პრემიერმინისტრმა რუმენ რადევმა შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე დრონების თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის სანაპიროსთვის საფრთხის შექმნას.

ბულგარეთის პრემიერმინისტრმა რუმენ რადევმა შავ ზღვაში ორ სავაჭრო გემზე დრონების თავდასხმა დაგმო და მომხდარს საზღვაო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.
"ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მსგავსი თავდასხმა სრულიად მიუღებელია", - განუცხადა მან ჟურნალისტებს მთავრობის საგანგებო სხდომის დაწყებამდე.
ბულგარეთის სატელეგრაფო სააგენტოს (BTA) ცნობით, რადევმა აღნიშნა, რომ საზღვაო და საჰაერო დრონებმა გემებს ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე ქალაქ ბიალას აღმოსავლეთით, დაახლოებით 130 კილომეტრის დაშორებით დაარტყეს. მას არ დაუკონკრეტებია ვინ იდგა თავდასხმის უკან.
რადევის თქმით, თუ უკრაინაში ომი არ დასრულდება, მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდება და რისკებიც გაიზრდება, მათ შორის გლობალური კონფლიქტის საფრთხეც.
ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა BTV Novinite-ის ცნობით, რადევმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები სერიოზულად აფერხებს ნაოსნობას შავ ზღვაში და ზრდის დაზღვევის ხარჯებს.
პრემიერმინისტრი ასევე შეეხო სატვირთო გემ Emil-ს, რომელსაც რუსულმა დრონებმა აგვისტოში დაარტყეს და რომელიც ახლა ბულგარეთის წყლებისკენ დრეიფობს.
"არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ბულგარეთის სანაპიროს საფრთხე დაემუქროს", - განაცხადა რადევმა.
ჩაძირული გემის ეკიპაჟი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენები და სამხედრო თვითმფრინავი ჩაერთო.
საგანგებო შეხვედრას თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან უპილოტო საფრენი აპარატები ორ სავაჭრო გემს შეეჯახა, რომელთაგან ერთი ჩაიძირა, მეორეს კი ხანძარი გაუჩნდა. ბულგარეთის მთავრობა საგანგებო სხდომას იწვევს.
არსებული ინფორმაციით, ეს არის NATO-ს წევრი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში სავაჭრო გემებზე პირველი თავდასხმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის დაკისრებია.
ამასთან, 5 ოქტომბერს შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს რუსული დრონი მოხვდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.
ციტატები სტატიიდან
„ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მსგავსი თავდასხმა სრულიად მიუღებელია“
„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ბულგარეთის სანაპიროს საფრთხე დაემუქროს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.