4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს - პროკურატურა ბრალდებულებთან შეთანხმებას გააფორმებს
4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, ასევე გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკიამ დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმება სთხოვეს. პროკურატურა ბრალდებულებთან შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მმართველი გუნდი მომხდარს გადატრიალების მცდელობად აფასებს, ხოლო ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას ბრძოლის ტაქტიკურ ნაწილად მიიჩნევს.

4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ბრალს აღიარებენ, ინანიებენ და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვენ. ორგანიზატორებთან ერთად, საპროცესო შეთანხმებას, ანტიკონსტიტუციური ქმედებისთვის დაკავებული გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკიაც ითხოვენ. 4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, მსჯავრდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ეს მათი დაცვის ქვეშ მყოფების პერსონალური გადაწყვეტილებაა, დეტალები კი ბრალდების მხარესთან თანხმდება.
ანტიკონსტიტუციური აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, აღიარების შემდეგ ლოიალურ მიდგომას გეგმავს პროკურატურა. უწყების წარმომადგენელმა დღეს სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ პროცესუალური საკითხების დასრულების შემდეგ, ყველა ბრალდებულთან შეთანხმება გაფორმდება.
პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობის ორგანიზატორების აღიარებისა და მონანიების მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" გასული წლის 4 ოქტომბერს მაინც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან თარიღად ასახელებენ. ამბობენ, რომ მსჯავრდებულების გადაწყვეტილება ბრძოლის ტაქტიკური ნაწილია
"ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ევროპული სტრუქტურებიდან წახალისებული პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობენ დესტრუქციული ქმედება დემოკრატიულობად მოიხსენიონ. 4 ოქტომბრიდან 1 წლის თავზე ბრალის ათეულობით აღიარება და მონანიება კი აჩვენებს, რომ ქვეყანაში გადატრიალება ვერ შედგა და ვერც შედგება. ამის გარანტი კი, "ქართული ოცნების" წევრებისთვის ქართველი ხალხი და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტებია.
იმას, რომ 4 ოქტომბერი სახელმწიფოს წინააღმდეგ გარედან წახალისებული ქმედება იყო, ვრცელი პოსტი ძალადობრივი აქციის წლისთავზე პარლამენტის სპიკერმაც მიუძღვნა. პაპუაშვილმა საზოგადოებას ოპოზიციისა და აქტივისტების მიერ გაკეთებული განცხადებები და მუქარაც შეახსენა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ დრომდე, დადასტურებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ევროსტრუქტურებიდან ბოდიშს და რეზოლუციების უკან წაღებას ელოდებიან.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 60-ზე მეტი პირი დააკავეს. 25-მა მათგანმა აღიარებისა და მონანიების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.