კობახიძის კიდევ ერთი მანიპულაცია — რეალური ეკონომიკა 13 წელიწადში 101%-ით გაიზარდა და არა — 300%-ით
სტატიაში განხილულია ირაკლი კობახიძის განცხადება 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ. ავტორები აანალიზებენ ნომინალური და რეალური მშპ-ს მაჩვენებლებს და ასკvnიან, რომ ინფლაციის გაუთვალისწინებლობის გამო რეალური ეკონომიკა 101%-ით (თითქმის ორჯერ) გაიზარდა და არა ოთხჯერ.

ირაკლი კობახიძემ, შაბათს 3 ოქტომბერს, ტვ იმედის ეთერში, ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკა 2012 წლის შემდეგ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
ამ სტატიაში ვამოწმებთ ამ განცხადების სიზუსტეს.
ნომინალური ეკონომიკა 2012 წელს ₾28 მლრდ-ს შეადგენდა, 2025 წელს 3.7-ჯერ მეტს – ₾105 მლრდ-ს, თუმცა მუდმივ, 2012 წლის ფასებში დათვლით, ეკონომიკა ,რა „თითქმის 4-ჯერ“, არამედ მხოლოდ 2-ჯერ ₾28-დან ₾56 მლრდ-მდე გაიზარდა.
ინფლაცია საბაზრო ეკონომიკის დამახასიათებელი მოვლენაა. წლიდან წლამდე, პროდუქციისა და მომსახურების უმეტესობაზე ფასები იზრდება, რის გამოც 100 ლარს სხვა ძალა ჰქონდა 20 წლის წინ, 10 წლის წინ და სხვა ძალა აქვს დღეს. ლარის ემისიის მომენტში, 1995 წლის ოქტომბერში 100 ლარად უფრო მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენა იყო შესაძლებელი, ვიდრე დღეს 500 ლარად. ამიტომ როდესაც ერთმანეთს სხვა და სხვა წლის მონაცემს ვადარებთ, საჭიროა მუდმივ ფასებში მოხდეს დათვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში აცდენას მივიღებთ. რაც უფრო დიდია დროის შუალედი, მით მეტი იქნება აცდენაც.
იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ ცდომილებას იძლევა ეკონომიკის ნომინალურ მაჩვენებელში დათვლა ერთი მაგალითიც საკმარისი იქნება. 2020 წელს, პანდემიისა და კოვიდრეგულაციების მიზეზით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, ნომინალური ეკონომიკა კი მცირედით მაგრამ მაინც ₾49.7-დან ₾49.8 მლრდ-მდე გაიზარდა.
ხელფასები და პენსიები როგორც წესი ინფლაციით კორექტირდება, მაგრამ ინფლაცია შეზღუდული რაოდენობის, 305 დასახელების პროდუქციასა და მომსახურებას აერთიანებს. ეკონომიკის შემთხვევაში კი მშპ-ის დეფლატორი გამოიყენება, რომელიც იმასაც ითვლის თუ რამდენით გაიზარდა 1 კმ ასფალტის დაგების, ან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი კორპუსის აგების ხარჯი.
საქსტატი მონაცემებს როგორც მიმდინარე, ასევე მუდმივ ფასებში ანგარიშობს. მუდმივ ფასებში საბაზო წლად 2019 წელია აღებული, თუმცა პროპორციით მისი გადაყვანა 2012 წლის მუდმივ ფასებში მარტივად შეიძლება. (2019 წლის მუდმივ ფასებში ზრდა 36.2-დან 72.7 მლრდ-მდე იქნებოდა, 2012 წლის მუდმივ ფასებში 27.9-დან 56.1 მლრდ-მდეა. ორივე შემთხვევაში გვაქვს 2-ჯერ ზრდა, მეტი სიზუსტისთვის ორივე შემთხვევაში 2.01-ჯერ ზრდა).
ნომინალური და რეალური მშპ
წყარო: სქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მეორე მეთოდი იმის გასაგებად, თუ რამდენით გაიზარდა ეკონომიკა დროის გარკვეულ შუალედში მშპ-ის ზრდის ტემპის გამოყენებაა. ზრდის ტემპი ერთმანეთზე უნდა გადამრავლდეს. თუ ერთ წელს ზრდა იყო 5%, ხოლო მეორე წელს 7%, 1.05 უნდა გამრავლდეს 1.07-ზე და ა.შ. რამდენი მონაცემიც იქნება.
რეალური მშპ-ის ზრდა და მშპ-ის ზრდის ტემპი (2012=100)
წყარო: სქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რეალური მშპ-ის გაზომვით ნათელი ხდება, რომ 2012 წლის შემდეგ ეკონომიკა გაორმაგდა და არ გაოთხმაგებულა. ცუდი არც გაორმაგებაა. 2013-2025 წლებში მშპ წლიურად საშუალოდ 5.6%-ით იზრდებოდა, მაგრამ ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო და საშუალო წლიურად 6.3%-ს შეადგენდა 2004-2012 წლებში. იგივე ზრდის ტემპი რომ შენარჩუნებულიყო ეკონომიკა 101%-ის ნაცვლად 121%-ით იქნებოდა გაზრდილი. როგორ იზრდებოდა საშუალოწლიურად ეკონომიკა, ექსპორტი, ხელფასები და პენსიები 2004-2012 და 2013-2025 წლებში ამ სტატიაშია მოთხრობილი.
ნომინალური ზრდა, რეალურ ზრდად ირაკლი კობახიძეს სხვა დროსაც დაუსახელებია. სექტემბერში მან განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის გამოშვება 2.5-ჯერ გაიზარდა და 20 მლრდ-ს გაუტოლდა. მეთოდი მაშინაც იგივე იყო – ფასების ზრდის გაუთვალისწინებლობა და ის განცხადებაც მანიპულაციას წარმოადგენდა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.