ბერლინში დახურული „რუსული სახლის“ მუშაობას პროკურატურა იძიებს
გერმანიის მთავრობამ ბერლინში მდებარე „რუსული სახლი“ 2026 წლის სექტემბერში დახურა, თუმცა შენობაში მუშაობას განაგრძობენ სხვადასხვა დაწესებულება. ბერლინის პროკურატურა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის კანონის დარღვევის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, რადგან უცნობია, თუ ვინ მართავს დარჩენილ ობიექტებს და იღებს სარგებელს.

გერმანიის მთავრობამ ბერლინში მდებარე „რუსული სახლი“ 2026 წლის სექტემბერში დახურა და მის თანამშრომლებს ქვეყანა დაატოვებინა, თუმცა შენობაში ისევ მუშაობენ რუსულენოვანი წიგნების მაღაზია, რუსული სამზარეულოს სასადილო და სავიზო ცენტრი.
გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს ბერლინის პროკურატურაში 4 ოქტომბერს დაუდასტურეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის კანონის დარღვევის ფაქტზე. როგორც გამოცემა წერს, როგორც ჩანს, ზუსტად არავინ იცის, ვინ მართავს „რუსული სახლის“ შენობაში დარჩენილ დაწესებულებებს და ვინ იღებს სარგებელს მათი საქმიანობიდან.
რუსეთის ფედერალურ სამთავრობო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს”, რომლის ოფიციალურ საიტზე მთავარ მისიად მითითებულია „მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში აქვს „რუსული სახლი“.
„როსსოტრუდნიჩესტვო” ევროკავშირის მიერ სანქცირებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან. შესაბამისად, მისთვის ნებისმიერ ფულადი სახსრების მიწოდება აკრძალულია.
„რუსული სახლები“, რომელთა მისიად ოფიციალურად გამოცხადებულია რუსული კულტურის და ენის პოპულარიზაცია, არაერთმა ქვეყანამ დახურა, როგორც კრემლის პროპაგანდის ინსტრუმენტი და ადგილი, რომელსაც შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები ჯაშუშობისთვის იყენებდნენ.
რის შემდეგ დახურეს ბერლინის „რუსული სახლი“?
გერმანიის მთავრობამ ბერლინის „რუსული სახლი“ 2026 წლის სექტემბრის დასაწყისში დახურა ბონში რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან ერთად.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით შეტევის მცდელობა, რომლის გამოც გერმანიამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
მანამდე, 2026 წლის აგვისტოში გერმანულმა მედიამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით დაწერა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ბერლინის „რუსულ სახლს“ უკავშირებს რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობას.
ბერლინში „რუსული სახლის“ და ბონში საკონსულოს დახურვის პასუხად, რუსეთში დახურეს გოეთეს ინსტიტუტის სამი ფილიალი და გერმანიის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.