FlyDubai-ის რეისის მეორე მფრინავი გეგმავდა შეჯახებოდა თელ-ავივის აეროპორტს
ავიაკომპანია FlyDubai-ს მეორე პილოტმა, ჰამამ ალ-ჰამამიმ, 30 სექტემბერს დუბაი-თელ-ავივის რეისზე ხომალდის მეთაურზე თავდასხმა და თვითმფრინავის აეროპორტში ან შენობაში შეჯახება სცადა. მგზავრებისა და ეკიპაჟის ჩარევით თავდამსხმელი გააკავეს, ხოლო თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დასვეს.

ავიაკომპანია FlyDubai-ს რეისის მეორე პილოტი, რომელიც 30 სექტემბერს თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა, თელ-ავივამდე მიფრენას და იქ ბენ-გურიონის აეროპორტის შენობასთან შეჯახებას გეგმავდა. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
პილოტმა, ომანის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამიმ გამომძიებლებს განუცხადა, რომ თვითმფრინავის მართვის ხელში ჩაგდებას გეგმავდა ხომალდის მეთაურის მკვლელობის ან უმოქმედო მდგომარეობაში მოყვანის გზით, რის შემდეგაც ჩვეულებრივი მარშრუტი უნდა გაეგრძელებინა. ეს მას საშუალებას მისცემდა, ხმელეთის სამსახურებში ეჭვი არ აღეძრა, თელ-ავივამდე მიეფრინა და დისპეტჩერებისგან დაფრენის ნებართვა ჩვეულებრივად მიეღო. შემდეგ იგი თვითმფრინავის აეროპორტზე დანარცხებას აპირებდა, ხოლო თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, თელ-ავივის ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობას შეეჯახებოდა.
ალ-ჰამამიმ თქვა, რომ ასეთი გეგმა დიდი ხნის წინ გაუჩნდა და სწორედ მისი განხორციელების მიზნით დასაქმდა ავიაკომპანიაში, რომელიც ისრაელში ასრულებს ფრენებს. იგი FlyDubai-სთან ერთად უკვე დაფრინავდა თელ-ავივში და რამდენჯერმე იმყოფებოდა ბენ-გურიონის აეროპორტში, რათა საგულდაგულოდ დაეთვალიერებინა მისი შენობა თუ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შეტევა უფრო დეტალურად დაეგეგმა. ალ-ჰამამი ტერაქტის განხორციელებას ჯერ კიდევ ივლისში გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა, რადგან რეისზე დანიშნეს მეწყვილე პილოტთან ერთად, რომელიც მისი მეგობარი იყო.
ჰამამ ალ-ჰამამი მანამდე მუშაობდა ავიაკომპანია Oman Air-ში, საიდანაც 2024 წლისთვის ექსტრემისტული შეხედულებების გამო გაათავისუფლეს, იუწყება CBS. რვა თვის წინ იგი FlyDubai-ში დასაქმდა. საამიროების ავიაკომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა, როგორც ჩანს, სამუშაოზე მიღებამდე მისი დოსიე საკმარისად გულდასმით არ შეამოწმა.
ამჟამად ალ-ჰამამი დაპატიმრებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის გამომძიებლები კითხავენ. ისინი ინფორმაციას ისრაელელ კოლეგებს უზიარებენ.
გამომძიებლების აზრით, ალ-ჰამამი მარტო მოქმედებდა და რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან პირდაპირ კავშირში არ იმყოფებოდა.
30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით FlyDubai-ს 1073 რეისის დროს ალ-ჰამამი, რომელიც მეორე პილოტის რანგში მიფრინავდა, თავს დაესხა ხომალდის მეთაურს, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩხარს. ბორტზე 182 ადამიანი იმყოფებოდა, მგზავრების უმეტესობა ისრაელის მოქალაქეები იყვნენ.
მართვადაკარგულმა თვითმფრინავი თკვეთრად დაეშვა დაბლა. მძიმე ჭრილობების მიუხედავად, მაჩხარმა შეძლო პილოტების კაბინის კარის განბლოკვა. ჩხუბის ხმის გაგონებაზე მგზავრები კაბინაში შევარდნენ, თავდამსხმელი გააკავეს და ყურსასმენების სადენებით გაკოჭეს, ასევე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს დაჭრილ მაჩხარს. ერთ-ერთმა მგზავრმა შეძლო დაღმასვლიდან თვითმფრინავის გამოყვანა და ფრენის კურსის გასწორება (მოგვიანებით მან განმარტა, რომ ტელევიზიით ხშირად უყურებს ხოლმე გადაცემებს ავიაციის შესახებ).
ამის შემდეგ სათადარიგო ეკიპაჟის ორმა პილოტმა, რომლებიც მგზავრების რანგში მიფრინავდნენ, მართვა გადაიბარა და საუდის არაბეთის ტაბუკის აეროპორტში დასვა თვითმფრინავი. ყველა, 174 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი, ცოცხალი გადარჩა. ხომალდის მეთაური საავადმყოფოში გადაიყვანეს, ალ-ჰამამი დააპატიმრეს, მგზავრები კი ისრაელში FlyDubai-ს სხვა თვითმფრინავით ჩაიყვანეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.