ფინანსური დავების ე.წ. ქურდული ტრადიციებით გადაწყვეტა და 94 ბრალდებული - "კურიერმა" რამდენიმე დაკავებულის ვინაობა გაარკვია
საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ფინანსური დავების ე.წ. ქურდული ტრადიციებით გადაწყვეტის ბრალდებით 94 პირია პასუხისმგებლობაში მიცემული, მათ შორის 80 პირი ღამით აიყვანეს. საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გოგოლაძე.

ფინანსური დავების ე.წ. ქურდული ტრადიციებით გადაწყვეტა - ფარული ჩანაწერი ბოლო დროის ერთ-ერთ ქურდულ შეკრებას ასახავს.
გამოძიების ინფორმაციით, ეს და სხვა ქურდული გარჩევები, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის მფარველობით ეწყობოდა. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, კრიმინალურმა პოლიციამ, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში, 80 პირი გასულ ღამეს აიყვანა. გაირკვა, რომ, მათ გარდა, დანაშაულში, კიდევ 14 პირი მონაწილეობდა. კრიმინალური პოლიციის დირექტორმა ბრიფინგზე დანაშაულებრივი სქემა განმარტა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში, საზღვარგარეთ მყოფი, ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის, იგივე "ჩერმენას" ხმაც ისმის.
"სვინჩო", "თინიკა", "პუპსიკა", "გრიალო" - ეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების მხოლოდ ნაწილია. ფარულ ჩანაწერებში ისინი მოქალაქეებს ემუქრებიან, თანხას სძალავენ, შეხვედრაზე იბარებენ.
"კურიერმა" რამდენიმე დაკავებულის ვინაობა გაარკვია. ერთ-ერთი გელა შუშანაშვილია. ის რუსთავში აიყვანეს. ბრალდებულებს შორის არის მირიან დენოსაშვილი, რომელიც თელავში დააკავეს. ის ჩანაწერების რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს.
საქმეში ბრალდებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებებიც დევს, მათ შორის - კომპიუტერები და მობილური ტელეფონები, რომლითაც დაკავებულები ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ამოღებულია თანხა, ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალებები.
დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს.
ბრალდებულ 94 პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.