ელენე ხოშტარია – სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“ და მთლიანად სისტემა ივანიშვილის თაოსნობით – დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია, ხოლო ჩვენი მთავარი სისუსტე გულგრილობაში
პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელმაც ბადრაგი ძალადობაში დაადანაშაულა. ხოშტარია აცხადებს, რომ დამნაშავე მთელი სისტემაა და საზოგადოებას ბრძოლისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება დეზინფორმაციად შეაფასა.

სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, “გამპრავებლებიც” და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ხოშტარია მის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, მოქმედებაა საჭირო, ხოლო მთავარი სისუსტე გულგრილობაშია.
„სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს! ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს, რომ: 1. სპეციალურად ეფარებიან კამერას. 2. წინასწარ მოემზადნენ ხელთათმანით და ექიმით. 3. ფორმალურად იქნევენ დეტექტორს. 5. პირველად არ აკეთებენ!
დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, “გამპრავებლებიც” და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. პასუხისმგებლობა როგორც მათ, ისე საკუთარ თავსაც უნდა დავაკისროთ. არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია, ხოლო ჩვენი მთავარი სისუსტე გულგრილობაში.
ჩემი ოჯახი და ჩემი გუნდი პატიმარ დავითაძისა და მისი ოჯახის გვერდით იქნება ბოლომდე!“, – წერს ელენე ხოშტარია წერილში, რუსთავის ქალთა ციხიდან.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.