მედია: ლაიფციგის ინციდენტი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეს უკავშირდება
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში დაგეგმილი დივერსიული თავდასხმა რუსეთის მოქალაქე ოლეგ ლევუშკინს და რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირდება. გერმანიის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, ხოლო მოსკოვმა ბრალდებები უარყო.

The Telegraph-ისა და Welt am Sonntag-ის ერთობლივი გამოძიების მიხედვით, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მოსკოვის საბოტაჟების ოპერაციების ხელმძღვანელთან აქვს კავშირი, ევროპის ცენტრში დაგეგმილი აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორია.
ოლეგ ლევუშკინს გერმანიაში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების გეგმის შემუშავება ედება ბრალად.
გერმანიის, ლიტვისა და პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების მასალები, ისევე როგორც დასავლეთის დაზვერვის მაღალჩინოსნებთან ჩაწერილი ინტერვიუები მოწმობს, რომ ლევუშკინი და "ერთჯერადი აგენტი" დივერსიული თავდასხმის განსახორციელებლად გერმანიაში ჩავიდნენ.
გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ლევუშკინმა თავდასხმა დაგეგმა, რის შემდეგაც მისი აღსრულება ანდრეი კარშაკოუს - ბელარუს პროქსი-აგენტს დაავალა.
The Telegraph-ისა და Welt am Sonntag-ის მიერ გაანალიზებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა თვალშისაცემი მსგავსება ლაიფციგის იერიშსა და რუსეთის იმ ჩაშლილ საბოტაჟის გეგმას შორის, რომელიც პოლონეთში, ლიტვასა და გერმანიაში სამიზნე ობიექტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას ისახავდა მიზნად.
ლაიფციგში ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ზედმიწევნით ჰგავს ბომბებს, რომლებიც ევროპის მასშტაბით რუსეთის მიერ მოწყობილ სხვა შეთქმულებებში ფიგურირებდა.
რუსეთის მოქალაქე ლევუშკინი, გავრცელებული ცნობებით, წლების განმავლობაში ინარჩუნებდა კავშირს დენის სმოლიანინოვთან - რუსეთის სახელით ევროპის მასშტაბით ბომბებით თავდასხმების სავარაუდო ორგანიზატორთან, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს სანქციები დაუწესა.
ლიტვის დაზვერვის 2025 წლის დეკემბრის ანგარიშში, რომელიც The Telegraph-მა მოიპოვა, ნათქვამია, რომ სმოლიანინოვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (GRU) უკრაინის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ლაიფციგის თავდასხმა GRU-ს შემადგენლობაში შემავალ ჯგუფს - 29155-ე ქვედანაყოფს დაუკავშირეს, რომელიც, გერმანიის დაზვერვის წარმომადგენელთა შეფასებით, კრემლის მიერ დაკვეთილი ამ ოპერაციების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ლიტვურმა მასალებმა ასევე გამოავლინა კავშირები ლაიფციგის თავდასხმასა და ევროპის მასშტაბით დივერსიული შეთქმულებების უფრო ფართო ქსელს შორის, რომელთა ორგანიზატორადაც GRU-ს რადიკალური დაჯგუფება სახელდება.
გერმანიის სადაზვერვო ანგარიშების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულში ლევუშკინი თურქეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტზე თავდასხმის მოსამზადებლად. ეს აეროპორტი უკრაინის მომარაგებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო ლოგისტიკური კვანძია.
გამომძიებლების თქმით, ლევუშკინმა თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე ბერლინის აეროპორტში ავტომობილი იქირავა და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იარაღის სავარაუდო სამალავებისკენ გადაადგილდებოდა.
მათი ვარაუდით, ოპერაციაში გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერება გერმანიაში ბულგარეთისა და სერბეთის გავლით, სატვირთო ავტომობილების სამალავებში მოთავსებული შეიტანეს.
Welt am Sonntag-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლევუშკინის ქვეყანაში შემოსვლის მომენტში გამომძიებლებისთვის უკვე ცნობილი იყო მისი კავშირი GRU-სთან. მიუხედავად ამისა, ჩასვლის შემდეგ მასზე თვალთვალი არ დაუწესებიათ.
ლევუშკინის ადგილმდებარეობის მონაცემებზე დაყრდნობით, გერმანიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მან დააორგანიზა ასაფეთქებლები, სანამ თავდასხმის განხორციელებას კარშაკოუს - ოფიციალური პირების მიერ „ერთჯერად აგენტად“ დახასიათებულ პირს - დაავალებდა.
როგორც გერმანიის სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული, ლევუშკინს დანაშაულის უშუალო აღსრულებამდე შესაბამისი საშუალებების მომზადება ევალებოდა.
კარშაკოუს დნმ, რომლის პროფილიც ფინეთისა და ლიეტუვის კრიმინალურ მონაცემთა ბაზებში არის რეგისტრირებული, ლაიფციგის ანტენაზე მიმაგრებული ხელთათმანის ფრაგმენტზე აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, 4 აგვისტოს ღამის საათებში ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტის ბაქანზე, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს, დრონი შენიშნეს, რის გამოც აეროპორტის დახურვა გახდა საჭირო. მოგვიანებით ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ინციდენტი "ახალი დონის საფრთხეს წარმოადგენს".
გერმანიის მთავრობამ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა 4 აგვისტოს ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების გამოყენებით თავდასხმის მცდელობაზე და მოსკოვის წინააღმდეგ დიპლომატიური ზომები დააანონსა.
"თავდასხმისას გამოყენებული იყო ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა დრონების კონფიგურაცია, სხვადასხვა კომპონენტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და კიბერტექნოლოგია, რომელსაც სხვა რუსული ჰიბრიდული ოპერაციებიდან და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიდან ვიცნობთ." - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა სამშაბათს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობამ დაასკვნა, რომ 4 აგვისტოს ლაიფციგში მომხდარ ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო მოსკოვის დადანაშაულებას "ნამდვილი ომის დასაწყისი" უწოდა.
ციტატები სტატიიდან
„თავდასხმისას გამოყენებული იყო ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა დრონების კონფიგურაცია, სხვადასხვა კომპონენტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და კიბერტექნოლოგია, რომელსაც სხვა რუსული ჰიბრიდული ოპერაციებიდან და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიდან ვიცნობთ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.