კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო - სექტემბრის დასაწყისში ekalata.gov.ge-ზე სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება 37.45 ლარს შეადგენდა, რაც თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა
კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ სექტემბრის თვის ფასების დინამიკა გამოაქვეყნა. პორტალ ekalata.gov.ge-ს მონაცემებით, სექტემბერში სასურსათო პროდუქტების კალათის ღირებულება 37.45 ლარიდან 35.82 ლარამდე შემცირდა, ხოლო არასასურსათო პროდუქტების კალათის ფასმა თვის ბოლოს 26.17 ლარი შეადგინა.

კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო სექტემბრის თვის ფასების დინამიკას აქვეყნებს.
მათივე ცნობით, სექტემბრის განმავლობაში www.ekalata.gov.ge -ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.
„სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა. კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25.57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“, „ზღაპარი“ „სუფთა სახლი" და „ევროპროდუქტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.