მშობლებისა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, პარალელურად კი ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი მომზადდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეების მშობლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი შეხვდნენ.
საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის განახლებას, სკოლის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ადგილზე განსახორციელებელ სამუშაოებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არსებულ საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რომელიც ერთ თვეში დასრულდება და მოსწავლეები დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.
ამასთან, პარალელურად მომზადდება ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი. მშენებლობას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.