NATO თავდაცვითი ალიანსია, შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა - რუტე რუსეთს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუსეთს ბირთვული მუქარისა და უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია, რომელიც რუსეთზე ბევრად ძლიერია. ეს განცხადება მოჰყვა ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში რუსეთის საელჩოების მუქარებს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"ვფიქრობ, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა NATO-ს მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნებაა. შეგვიძლია, გარკვეული სიმშვიდე გამოვიჩინოთ, თუმცა ამავდროულად უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმ საქმეს ვაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. სწორედ ესაა გზავნილი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განაგრძეთ საქმიანობა და უკრაინის მხარდაჭერა. ასე ვუმკლავდებით ამ სიტუაციას.
ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ, შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა, ეს სრულიად უადგილოა. და შეწყვიტეთ პროვოცირების გარეშე დაწყებული ომი უკრაინაში". - თქვა რუტემ.
რუტემ ასევე განაცხადა, რომ NATO რუსეთზე ბევრად უფრო ძლიერია და რუსეთს მათი დამარცხება არანაირად არ შეუძლია.
ცნობისთვის, რუსეთის საელჩომ ირლანდიაში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი მზად იქნება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ NATO კალინინგრადის ოლქის რუსეთის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდება. მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს რუსეთის საელჩოებმა დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაშიც.
კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი კი რუსეთის საელჩოების მიერ გაჟღერებულ მუქარას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით "ცხელთავიანებისთვის" შეხსენებას უწოდებს.
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა NATO-ს მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნებაა. შეგვიძლია, გარკვეული სიმშვიდე გამოვიჩინოთ, თუმცა ამავდროულად უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმ საქმეს ვაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. სწორედ ესაა გზავნილი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განაგრძეთ საქმიანობა და უკრაინის მხარდაჭერა. ასე ვუმკლავდებით ამ სიტუაციას. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ, შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა, ეს სრულიად უადგილოა. და შეწყვიტეთ პროვოცირების გარეშე დაწყებული ომი უკრაინაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.