ფაქტორები, რომელიც ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის წარმატებას განაპირობებს - ბოლო ერთ კვირაში საქართველოდან გაძევებულია ქვეყანაში არალეგალურად მყოფი 84 უცხოელი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნიდან 3200 არალეგალი გააძევეს, მათ შორის ბოლო ერთ კვირაში - 84 უცხო ქვეყნის მოქალაქე. უწყების ცნობით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის წარმატებას განაპირობებს მიზანმიმართული საემიგრაციო კონტროლი, ოპერატიული მუშაობა და განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქციები გაფართოვდა.

საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 9 თვეში, ქვეყნიდან 3 200 არალეგალი გააძევა.
მხოლოდ გასულ ერთ კვირაში, ქვეყანა დაატოვებინეს და საქართველოში დაბრუნება აუკრძალეს უცხო ქვეყნის 84 მოქალაქეს. ყველა მათგანი ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.
მიზანმიმართული საემიგრაციო კონტროლი, ინტენსიური ოპერატიული მუშაობა, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია და საკანონმდებლო ცვლილებები - ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომელიც ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის წარმატებას განაპირობებს.
გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქციები გაფართოვდა. უწყებას მიენიჭა უფლება, ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოსავლენად, კანონით განსაზღვრულ ადგილებში მოახდინოს მათი გადამოწმება. საკანონმდებლო ცვლილებებიდან დღემდე, ჩატარდა 180-მდე სპეციალური საიმიგრაციო კონტროლი, რომლის ფარგლებშიც გადამოწმებულია უცხო ქვეყნის 20 000-ზე მეტი მოქალაქე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.