ენმ-ის განცხადება აქციაზე კანონის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი არ იყო – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ რიყის დოქებთან დაანონსებულ აქციაზე წარმოდგენილი გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და არ შეიცავდა სავალდებულო ინფორმაციას. შსს-მ ორგანიზატორებს აქციის ადგილის ან დროის შეცვლა მოსთხოვა, რადგან აღნიშნულ პერიოდში „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებებია დაგეგმილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ 1 ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ აქციის გამართვაზე წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი.
შსს-ს ამბობს, რომ:
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს. შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ:
განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;
ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს“.
გარდა ამისა, უწყების განმარტებით, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი.
„ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი“, – ამბობს შსს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის პარკში დაანონსებული აქვს აქცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. იხილეთ ასევე:
ენმ აცხადებს, რომ შსს-ს უარის მიუხედავად რიყის დოქებთან აქციას გამართავს
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.