სამინისტრო: შსს შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე ნებართვას არ გასცემს, მისი ფუნქციაა, დაიცვას ბალანსი შეკრება/მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, საქმიანობენ შეკრება/მანიფესტაციის ადგილებში
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება შეკრება-მანიფესტაციის ნებართვას არ გასცემს, არამედ იცავს ბალანსს თავისუფლებასა და მოქალაქეთა უფლებებს შორის. შსს-ს ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ წარმოდგენილი გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რადგან არ იყო მითითებული მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და აკლდა პასუხისმგებელი პირის, ბესარიონ გედენიძის ხელმოწერა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში თბილისში „თბილისობა 2026“ იგეგმება, რის გამოც ორგანიზატორებს აქციის ადგილის ან დროის შეცვლა ურჩიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს. შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას.
სამინისტროში განმარტავენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ:
- განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;
- ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.
შსს-ს განმარტებით, გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება "თბილისობა 2026"-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი.
ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-მ პარტიას, რიყის დოქებთან, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.