პოლონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში შეჭრილი ობიექტების ჩამოგდების წესს ამარტივებს
პოლონეთი რუსეთის მიმართულებიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ობიექტების ჩამოგდების პროცედურას ამარტივებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჩეზარი ტომჩიკის განცხადებით, ვიზუალური იდენტიფიცირება რადარის მონაცემებით ჩანაცვლდება, რაც საშუალებას მისცემს სამხედროებს, დრონები და რაკეტები უფრო სწრაფად გაანეიტრალონ.

პოლონეთი რუსეთის მიმართულებიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ობიექტების ჩამოგდების პროცედურას ამარტივებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჩეზარი ტომჩიკმა 28 სექტემბერს განაცხადა.
არასაომარი მდგომარეობისას მოქმედი პროცედურის მიხედვით, პოლონელი პილოტები სამიზნეს საკმარისად ახლოს უნდა მიუახლოვდნენ, რათა პოლონეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ობიექტის ვიზუალური იდეტიფიცირება შეძლონ, სანამ მის ჩამოგდებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ახალი პროცედურები კი ვიზუალურ იდენტიფიცირებას ე.წ. დადებითი იდენტიფიცირებით ჩაანაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ პილოტისთვის ან ოპერატიული მეთაურისთვის ობიექტის განეიტრალების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ რადარის მონაცემებიც საკმარისი იქნება.
ეს პროცედურა პოლონეთის ძალებს საშუალებას მისცემს, რუსეთის მიმართულებიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში შემოსული რაკეტები და დრონები, წინა პრაქტიკასთან შედარებით, უფრო სწრაფად ჩამოაგდონ.
"აქამდე ასეთ შესაძლებლობებს არ ვიყენებდით, რადგან ისინი, როგორც წესი, ომის ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება. თუმცა, არსებული საფრთხის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ დღეს პოლონეთი ყოველდღიურად აწყდება ჩვენს ტერიტორიაზე დრონების შემოსვლის შესაძლებლობას, ასეთი ცვლილებები უნდა შევიტანოთ - როგორც პილოტების, ისე სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად" - განაცხადა ტომჩიკმა.
რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომისა და ევროპასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვია.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს რუსულმა Ми-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან დაარღვია.
"ვერტმფრენი კალინინგრადის ოლქიდან მოფრინავდა. მან პოლონეთის საჰაერო სივრცეში მაქსიმუმ დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შეაღწია და იქ 42 წამის განმავლობაში იმყოფებოდა" - განაცხადა პოლონურმა მხარემ გასულ კვირას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.