საქართველოს უმსხვილესი 206-მეგავატიანი "ვინდ ფაუერის" ქარის ელექტროსადგური სატესტოდ ამუშავდა
საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, 206-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური „ვინდ ფაუერი“ სატესტოდ გაეშვა. პროექტს კომპანია „ფერი“ ახორციელებს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერასაც EBRD ახდენს. ახალი სადგური 33 ჩინური წარმოების ტურბინისგან შედგება.

"206-მეგავატიანი ქარის სადგური უკვე სატესტოდ გაეშვა", - ამის შესახებ „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMG-ს განუცხადა, პროექტს "ფერის" შემადგენლობაში არსებული კომპანია "ვინდ ფაუერი" ახორციელებს.
ახალი სადგური ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში შენდება და ის 33 ტურბინას მოიცავს. პროექტს EBRD 119 მილიონი დოლარის ოდენობის სესხით აფინანსებს, ხოლო პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 240 მილიონ დოლარს აღემატება.
ლაშა იორდანიშვილის განმარტებით, სადგურის სატესტო რეჟიმში ოპერირების ვადა 3 თვით არის განსაზღვრული, თუმცა, კომპანია ტესტირებების დასრულებას უფრო მალე მოელის, რის შემდეგაც სადგური სრული სიმძლავრით დაიწყებს ოპერირებას. ამჟამად თითოეული ტურბინის და ქვესადგურის მცირე დატვირთვით მუშაობის ტესტირებები მიმდინარეობს.
ქარის ელექტროსადგური 33 ერთეული ტურბინისგან შედგება, რომლებიც ჩინური გიგანტის - Goldwind-ის მიერ არის წარმოებული. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 6.25 მეგავატ საათია, მისი კოშკის სიმაღლეა 105 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი 171 მეტრია.
დღეს საქართველოს ენერგოსისტემაში ჩართულია ორი ჯამში 40 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის სადგური. ზემო ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 19 მეგავატამდეა, ხოლო ქართლის ქარის სადგურის სიმძლავრე 21 მეგავატს შეადგენს.
ციტატები სტატიიდან
„206-მეგავატიანი ქარის სადგური უკვე სატესტოდ გაეშვა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.