ბანკებმა წელს ₾4.1 მილიარდის იპოთეკები გასცეს - ზრდა 47%-ია, საპროცენტო განაკვეთი კი შემცირებულია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში კომერციულმა ბანკებმა 4.1 მილიარდი ლარის 39 714 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს, რაც თანხობრივად 47%-იანი ზრდაა. იპოთეკური სესხების საშუალო მოცულობამ 104 ათასი ლარი შეადგინა, რაც უძრავი ქონების გაძვირებასთან ერთად თანამონაწილეობის კოეფიციენტის 15%-დან 10%-მდე შემცირებამაც განაპირობა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.19%-მდე შემცირდა, ხოლო მთლიანმა პორტფელმა 14.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ 4.1 მილიარდი ლარის ღირებულების 39,714 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 47%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 22%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 104 ათას ლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-აგვისტოში გაცემული იპოთეკების საშუალო ღირებულება 86.2 ათას ლარს შეადგენდა. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. კერძოდ კი, გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15%-დან 10%-მდე, რაც მსესხებლებისთვის თანამონაწილეობის იგივე თანხობრივი მოცულობით უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.19% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.90 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
მთლიანობაში საქართველოს ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური კრედიტების პორტფელი 14.6 მილიარდ ლარს აღწევს. ქვეყანაში სულ 176,000 იპოთეკური კრედიტი არის მოქმედი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…