აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლა კაცმა, რომლის გამოშვებას 2024-ში მოსკოვი აპროტესტებდა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ედგარ აბუხბაა, რომელიც 2024 წლის თებერვალში სხვა მძიმე დანაშაულისთვის (რუსი ტურისტის გაუპატიურებისა და ძარცვისთვის) მისჯილი სასჯელიდან 4.5 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, რასაც მაშინ მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

უწყების ინფორმაციით, ბიკბოვას ნათესავებმა 26 სექტემბერს გაგრის ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართეს და განაცხადეს, რომ ქალი სამი დღის განმავლობაში კავშირზე აღარ გადიოდა.
გამოძიების ვერსიით, 23 სექტემბრის საღამოს ბიკბოვა გაგრაში, არძინბას გამზირზე, ედგარ აბუხბას შეხვდა, რის შემდეგაც ისინი ტაქსით სოფელ ფსახარაში, ნაქირავებ საცხოვრებელში წავიდნენ.
დე ფაქტო შსს-ს თანახმად, აბუხბამ დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მათ შორის კონფლიქტი მოხდა და მან ქალი გაგუდა. მეორე დილით, კვალის დაფარვის მიზნით, ნაცნობს ავტომობილი სთხოვა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ბზიფის ხეობის მიმართულებით წაიღო.
უწყების ვერსიით, აბუხბა თავდაპირველად ცხედრის წყალში გადაგდებას აპირებდა, თუმცა ამის გაკეთება ფიზიკურად ვერ შეძლო და პლედში გახვეული ცხედარი სოფლის გზასთან, ბუჩქებში დატოვა. მოკლულის ტელეფონი და პირადი ნივთები კი სოხუმის გზატკეცილზე მდებარე ნაგვის კონტეინერებში გადაყარა. საქმეს გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურა იძიებს.
აბუხბა გასამართლებული იყო რუსი ტურისტის გაუპატიურებისთვის
2019 წლის 31 ივლისს, სოხუმში, იმ დროს არასრულწლოვანმა ედგარ აბუხბამ რუსეთის მოქალაქე ქალი გააუპატიურა, მას მძიმე დაზიანებები მიაყენა და პირადი ნივთები წაართვა. სასამართლოს მასალების თანახმად, დაზარალებულს აბუხბა ხელებითა და ქვებით სცემდა.
2021 წლის თებერვალში სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ აბუხბა დამნაშავედ ცნო გაუპატიურებაში, ძალადობრივი სექსუალური ხასიათის ქმედებებში, ძარცვასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე მისთვის 16-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს აბუხბა არასრულწლოვანი იყო.
აბუხბა 4,5 წელიწადში, 2024 წლის 2 თებერვალს გათავისუფლდა. ამის საფუძველი გახდა აფხაზური კანონმდებლობის ნორმა, რომლის მიხედვითაც, კოლონიების არარსებობის გამო მსჯავრდადებულები სასჯელს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იხდიან. საერთო რეჟიმის პირობებში პატიმრობის ერთი დღე მათ ორ დღედ ეთვლებათ.
აბუხბას გათავისუფლებას 2024 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწვავედ გამოეხმაურა და რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების შესახებ გააფრთხილა.
რუსეთის საგარეო უწყება მაშინ აცხადებდა, რომ აბუხბას გათავისუფლების შესახებ ცნობას „უკიდურესი გაუგებრობით“ შეხვდა და ეს შემთხვევა აფხაზური მართლმსაჯულების მხრიდან დანაშაულებისადმი „მეტისმეტად შემწყნარებლურ დამოკიდებულებად“ შეაფასა.
„ცხადია, ეს რისკებს უქმნის უცხოელ სტუმრებს, რომლებიც ყოველწლიურად აფხაზეთის კურორტებზე ჩადიან“, - აცხადებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2024 წლის თებერვალში.
რუსეთის უწყების განცხადებას მაშინ აფხაზეთში უკმაყოფილებაც მოჰყვა. ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცალკეული დანაშაულის გამო რეგიონში ტურისტების უსაფრთხოების საკითხის პოლიტიზება არასწორი იყო.
ციტატები სტატიიდან
„მეტისმეტად შემწყნარებლურ დამოკიდებულებად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.