ულტრამემარჯვენეები პირველად შეძლებენ საფრანგეთის სენატში ფრაქციის შექმნას
საფრანგეთში ჩატარებული სენატის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენეებმა მოკავშირეებთან ერთად 14 ადგილი მოიპოვეს, რაც მათ საშუალებას მისცემს პირველად შექმნან საკუთარი ფრაქცია პარლამენტის ზედა პალატაში.

27 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენეებს მოკავშირეებთან ერთად პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში ექნებათ 14 ადგილი. საპარლამენტო ჯგუფის ფორმირებისთვის სულ მცირე 10 მანდატია საჭირო.
„ეროვნული გაერთიანების“(ყოფილი „ეროვნული ფრონტი“) ლიდერმა მარინ ლე პენმა, რომელსაც პრეტენზია აქვს საფრანგეთის პრეზიდენტობაზე, სენატის არჩევნების შედეგს „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა.
ტელეკომპანია FRANCE 24-ის და სააგენტო AFP-ის ცნობით, „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ სენატში საპარლამენტო ჯგუფს შექმნიან მოკავშირე პარტიასთან, „მემარჯვენეთა კავშირი რესპუბლიკისთვის" ერთად, რომელმაც ორი მანდატი მოიპოვა.
27 სექტემბერს საფრანგეთში აირჩიეს სენატის 348 წევრიდან 178(ექვსწლიანი ვადით). პარლამენტის ზედა პალატის წევრთა ნახევარს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ არაპირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიები.
არაპირდაპირი არჩევნები საფრანგეთის 60-ზე მეტ დეპარტამენტში ჩატარდა.
ულტრამემარჯვენეები საფრანგეთის სენატში პირველად 2014 წლის არჩევნების შედეგად მოხვდნენ და მაშინ ორი მანდატის მოპოვება შეძლეს. 2023 წელს სამი მანდატი მიიღეს.
ციტატები სტატიიდან
„ისტორიული გამარჯვება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.