ბრიუსელში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა - სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
ბრიუსელში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული ათიათასობით ადამიანის აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ორშაბათს, ბრიუსელის ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ფედერალური მთავრობის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკისა და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირების გასაპროტესტებლად. დღის მეორე ნახევარში ბრიუსელ-მიდის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
ბრიუსელის პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირების მონაცემებით კი მომიტინგეთა რაოდენობამ 70 000-ს მიაღწია.
ბრიუსელ-მიდის სადგურთან პოლიციასა და რამდენიმე ასეულ დემონსტრანტს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დაახლოებით 14:10 საათზე, 200-მდე დემონსტრანტმა ფონსნის გამზირზე პოლიციის კორდონისკენ ხის კონსტრუქციაზე დამაგრებული დიდი ზომის ვარდისფერი მუყაოს ღორი მიაგორა, რომელსაც ხელკეტი ეჭირა. აქციის მონაწილეებმა კონსტრუქციას პოლიციელების წინ ცეცხლი წაუკიდეს, რის გამოც სამართალდამცველებმა ალის ჩასაქრობად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
ამის შემდეგ პოლიციამ ქუჩაზე კონტროლის აღდგენა სცადა და წყლის ჭავლის გამოყენებით დემონსტრანტებისკენ დაიძრა.
დემონსტრანტებმა შეკრება დილიდან, ბრიუსელის ჩრდილოეთ სადგურთან დაიწყეს. ბელგიის სამი მთავარი პროფკავშირის ფერებში - წითელ, მწვანე და ლურჯ სამოსში გამოწყობილი მომიტინგეები მეფე ალბერტ II-ის ბულვარისკენ გაემართნენ.
აქცია ქვეყნის გაერთიანებული პროფკავშირების ფრონტის ორგანიზებითა და არაერთი სამოქალაქო ორგანიზაციის მონაწილეობით გაიმართა.
საპროტესტო გამოსვლა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი მმართველ კოალიციაში შემავალ ხუთ პარტიას შორის შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს.
ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები 15 ნოემბრის შემდეგ ჩიხშია შესული, რადგან კოალიციის პარტნიორი, ფლამანდიური სოციალისტური პარტია Vooruit-ი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებულ ბალანსს არ ეთანხმება. სოციალისტები ყველაზე შეძლებული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას და ჯანდაცვისა და პენსიების ხარჯების ნაკლებად შეკვეცას მოითხოვენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…