სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელ არჩევნებამდე გადადგა
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე თანამდებობიდან გადადგა. გარდამავალი პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის სპიკერი ანა ბრნაბიჩი შეასრულებს. ვუჩიჩი გეგმავს, რომ მომავალ პრემიერმინისტრის პოსტზე იყაროს კენჭი, თუკი მისი პარტია მთავრობას დააკომპლექტებს.

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე თანამდებობიდან გადადგა.
ვუჩიჩი თავისი ვადის დასრულებამდე 7 თვით ადრე გადადგა - ეს ნაბიჯი შესაძლებელს ხდის, რომ პრემიერმინისტრად დაინიშნოს, თუკი ახალ მთავრობას მისი პარტია, სერბული პროგრესული პარტია ჩამოაყალიბებს.
"ეს ჩემთვის ამ შენობაში ბოლო საღამოა. [...] ერთგულად გემსახურეთ თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს. [...] ვამაყობ იმის გამო, თუ რაც გავაკეთეთ ერთად". - თქვა ვუჩიჩმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
სერბეთის კონსტიტუციის მიხედვით, გარდამავალი პრეზიდენტის თანამდებობას პარლამენტის ახლანდელი მოწვევის სპიკერი, ანა ბრნაბიჩი დაიკავებს მანამ, სანამ ახალი პრეზიდენტი აირჩევა. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, წინასაარჩევნო კამპანიები კი 30-იდან 60 დღემდე უნდა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ვუჩიჩმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება გასცა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. სერბეთის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებდა, რათა საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში ჩართულიყო.
თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტებისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სერბეთის პრეზიდენტმა 250 წევრისაგან შემდგარი პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა.
თითქმის ორი სრული საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ვუჩიჩს აღარ აქვს ამავე თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება, თუმცა განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ამჯერად აპირებს კენჭი იყაროს პრემიერმინისტრის მოვალეობის შესასრულებლად.
სერბეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის მტკიცებით, პოლიტიკური დაძაბულობა არ არის განპირობებული მხოლოდ ქვეყანაში არსებული უთანხმოებებით, იგი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების დაპირისპირებასა და დანაწევრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა “უცხოურ ძალებს”.
დიდი საპროტესტო ტალღის ფონზე, სერბეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების პირობას დებს
მე მალე თანამდებობას დავტოვებ - ალექსანდრ ვუჩიჩი
სერბეთში სამართალდამცავებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა
ვუჩიჩი: არ შემიძლია, პრეზიდენტობაზე კვლავ ვიყარო კენჭი და არ ვაპირებ კონსტიტუციის შეცვლას
ციტატები სტატიიდან
„ეს ჩემთვის ამ შენობაში ბოლო საღამოა. [...] ერთგულად გემსახურეთ თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს. [...] ვამაყობ იმის გამო, თუ რაც გავაკეთეთ ერთად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.