მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საქართველოს სუვერენიტეტზე ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს. განცხადებაში წერია, რომ შეხვედრა ბელარუსული მხარის ინიციატივით გაიმართა.
"შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე". - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე.
ცნობისთვის, ბოლო ხანებში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის პირდაპირი ურთიერთობების ფაქტები გახშირდა. თავდაპირველად, 2022 წლის 18 სექტემბერს ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა და მარიონეტული რეჟიმის იმდროინდელ ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლიან" და ის "არ უნდა მიატოვონ".
ამის შემდეგ, 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, ხოლო 21 თებერვალს ბჟანია ლუკაშენკოს ბელარუსში შეხვდა
2025 წლის 9 მაისს პუტინის აღლუმთან დაკავშირებით ლუკაშენკო მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერებს, ალან გაგლოევსა და ბადრა გუნბას შეხვედრები გამართა.
ამასთან, 4 ივნისს, ბელარუსმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.