"საქართველოს მელიორაციასა" და ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნულ კომიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
"საქართველოს მელიორაციის" დელეგაციამ, გიგლა თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ წყლის კულტურის VI საერთაშორისო სემინარში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელებთან და ჩინეთის წყლის რესურსებისა და ჰიდროენერგეტიკის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

"საქართველოს მელიორაციის" დელეგაციამ, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა, ჩინეთში გამართულ წყლის კულტურის VI საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, წყლის რესურსების მართვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა.
სემინარის მთავარი თემა იყო "აბრეშუმის გზის კვალდაკვალ: წყლის დაზოგვის ტრადიცია და ინოვაციები მშრალ რეგიონებში". განხილვების მთავარ მიმართულებებს კი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება, დანაკარგების შემცირება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მელიორაციის სექტორის მდგრადი განვითარება წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, გიგლა თამაზაშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის (CNCID) საპატიო პრეზიდენტთან, გაო ჟანისთან და კომიტეტის გენერალურ მდივანთან, ვუ ვენიონგთან, ასევე, ჩინეთის წყლის რესურსებისა და ჰიდროენერგეტიკის კვლევითი ინსტიტუტის (IWHR) წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ირიგაციისა და დრენაჟის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…