უზენაესმა სასამართლომ „ჩირინას“ „ყვარლის ბაგასთვის“ 1,6 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანია „ჩირინას“ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგისთვის“ 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. დავა ეხება ქათმის ნაკელით ძროხების კვების შედეგად გამოწვეულ ზარალს. „ჩირინას“ ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ თანხა უკვე გადახდილია და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პროკურატურასა და სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს.

ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. სკინტლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც გამოიტანა. როგორც BMG-ის „ჩირინას“ დირექტორმა, რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია „ჩირინას“ ლაშა პაპაშვილისთვის 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. ვაშაკიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და თანხა გადახდილია.
აღსანიშნავია, რომ „ჩირინას“ ხელმძღვანელი გეგმავს, მოსამართლეების მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს, ხოლო დანაშაულის სავარაუდო ნიშნების გამოძიების მოთხოვნით — პროკურატურას. ამასთან, კომპანია არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივი დავა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გააგრძელოს.
საქმის დეტალებს რაც შეეხება, 2025 წლის 31 მარტს „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო მასალა გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“ 2018-2020 წლებში ძროხებს ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანია „ჩირინასგან“ ნაყიდი სკინტლით კვებავდა. კერძოდ, „ყვარლის ბაგამ“ ერთი წლის განმავლობაში „ჩირინასგან“ დაახლოებით 2700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ „ყვარლის ბაგამ“ „ჩირინა“ დაადანაშაულა, რომ მისგან შეძენილმა სკინტლმა საქონელი დაუხოცა, რითაც კომპანიას 1,6 მილიონი ლარის ზარალი მიადგა, მაშინ როცა „ჩირინას“ პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდნენ და არა საკვებად.
სასამართლო დავა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: „ყვარლის ბაგამ“ „ჩირინას“ სასამართლოში უჩივლა და ჯამში 4,7 მილიონი ლარის ანაზღაურება მოითხოვა, საიდანაც დახოცილი ძროხების საფასური 1 630 000 ლარს, გაფუჭებული რძის საფასური 65 000 ლარს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 3 000 000 ლარს შეადგენდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი თანხიდან „ჩირინას“ მხოლოდ 65 000 ლარის – გაფუჭებული რძის საფასურის გადახდა დააკისრა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წელს „ყვარლის ბაგამ“ რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იმავე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომელმაც „ყვარლის ბაგის“ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „ჩირინამ“ დავა სააპელაციო და საბოლოოდ უზენაეს სასამართლოში გააგრძელა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.