რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინაზე, მათ შორის კიევებსა და ზაპოროჟიეზე, მასიური დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ობიექტები, ზაპოროჟიეში კი სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მრავალი დრონი ჩამოგდებულია, პოლონეთმა კი საჰაერო სივრცის დასაცავად პრევენციული ღონისძიებები დაიწყო.

რუსეთმა ღამით უკრაინაზე 161 დრონით, მათ შორის 82 რეაქტიული ტიპის შაჰედის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში. კიევზე დარტყმები მიმდინარეობდა, ზაპოროჟიეში კი თავდასხმებმა სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, შუაღამისას დაწყებული იერიშის ფარგლებში, რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით რამდენჯერმე შეუტიეს. ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში ოთხჯერ გამოცხადდა, ბოლო გაფრთხილება კი დილის 08:02 საათზე მოიხსნა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ადმინისტრაციის განცხადებით, დრონით დარტყმის შედეგად ჰოლოსიივის რაიონში მდებარე სასაწყობო ობიექტი დაზიანდა.ასევე რუსული იერიშის შედეგად, დარნიცკის რაიონში ავტოგასამართი სადგურს მიადგა ზიანი. ტელეგრამ არხებზე დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით, დარტყმა ხარკოვის გზატკეცილზე მდებარე UPG-ის მეორე ავტოგასამართ სადგურზეც მოხდა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, სოლომიანკის,ჰოლოსეევსკისა და დარნიცკის რაიონებზე მოხდა შეტევა.რუსული იერიშების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ზაპორიჟიეზე ღამით რუსულმა თავდასხმამ ზაპორიჟიეს სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ადგილობრივმა ტელეგრამ არხებმა დაადგინეს, რომ ობიექტი სავაჭრო ცენტრი „ამსტორიაა“, რომელსაც რუსულმა ძალებმა დარტყმა 17 სექტემბერსაც მიაყენეს. მაშველებმა ხანძარი, რომელიც დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრს მოიცავდა, სრულად ჩააქრეს. გარდა ამისა, DSNS-ის ცნობით, ხარკოვის ოლქში რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 22 სექტემბრის 18:00 საათიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 161 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.
"08:00 საათის მდგომარეობით, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა სხვადასხვა ტიპის 119 მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს", - აღნიშნულია საჰაერო ძალების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსული დრონების დარტყმა 18 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო განეიტრალებული სამიზნეების ნამსხვრევები რვა ადგილას ჩამოცვივდა.
ამასთან, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით მიყენებული დარტყმების გამო, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო.
"მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ (RSZ), საჰაერო ოპერაციების ცენტრის - საჰაერო კომპონენტის სარდლობის მეშვეობით, მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალები და რესურსები გააქტიურა. სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებებმა მზადყოფნის მდგომარეობას მიაღწია." - ნათქვამია განცხადებაში.
სარდლობის განმარტებით, აღნიშნული ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებიც საფრთხის შემცველ ზონებს ესაზღვრება.
გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება ვითარებას, ხოლო დაქვემდებარებული ძალები და საშუალებები დაუყოვნებელი რეაგირების საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნაშია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.