კიევზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა
24 სექტემბრის ღამეს კიევზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 227 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ბაზარი.

24 სექტემბრის ღამის საათებში კიევში რუსული ბალისტიკური რაკეტების აფეთქებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 282 მოიერიშე დრონი, ხომალდსაწინააღმდეგო ცირკონის ტიპის რაკეტები, ასევე ისკანდერ-M-ის, S-400-ისა და KN-23-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 227 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო, მათ შორის, 219 დრონი. რუსებმა იერიში 13 ლოკაციაზე მიიტანეს, ხოლო ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები 10 ადგილას ჩამოცვივდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ ექიმების დახმარება სოლომიანსკის, სვიატოშინსკისა და პოდილსკის რაიონებში გახდა საჭირო.
წინა დღეს, 23 სექტემბერს, კიევზე რუსეთის დრონების თავდასხმას დილის საათებში ორი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე, 43 კი დაშავდა.
ამას გარდა, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და ისტორიული ბაზარი.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით მიყენებული დარტყმების გამო, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.