SJC-მ აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება სადიგოვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის სამწლიან აკრძალვას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რის შემდეგაც იგი აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც მის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება 2026 წლის აპრილში, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადიგოვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საქართველოდან გაძევებასა და ქვეყანაში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვის დაწესებას.
ცენტრის ინფორმაციით, 3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. თუმცა, 4 აპრილს სადიგოვი საკუთარ სახლში დააკავეს.
რამდენიმე საათში სასამართლომ მას 2 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა შეუფარდა. იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზეა მითითებული. ორგანიზაციის პოზიციით, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ცენტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ადრე მისი ექსტრადიცია იყო მოთხოვნილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.