საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია 92:78 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი, 22 ქულა მარკის რიდმა მოაგროვა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და 92:78 სძლია.
26 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა საბერძნეთში მძიმე მატჩი გადაიტანა, ოვერტაიმში 92:88 მოიგო. ამის შემდეგ ძალების აღსადგენად მხოლოდ ორი დღე ჰქონდა. თუნდაც ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო, რომ პორტუგალიასთან იოლი მატჩი არ იქნებოდა, მითუმეტეს, რომ მეტოქეც არ იყო ურიგო. პორტუგალიამ ხომ ამ შესარჩევზე ესპანეთიც დაამარცხა, უკრაინაც და საბერძნეთიც.
ისევე, როგორც პორტუგალიაში გამართულ პირველ მატჩში, საქართველო პირველ ნახევარში მეტოქეს ამჯერადაც 10 ქულით ჩამორჩა. თუმცა მეორე პერიოდში რიდისა და მერკვილაძის შედეგიანობის წყალობით, დიდ შესვენებამდე სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა – 38:42.

გიორგი ზურაბიანის ფოტო
ამის შემდეგ იყო ქართველთა აფეთქება და 17:0 გაქცევა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მეოთხე პერიოდში ჩვენი გუნდი მუდმივად წინ იყო, თუმცა ერთ ეპიზოდში პორტუგალიელებმა სხვაობას 5 ქულამდეც შეამცირეს.
თუმცა სანაძისა და მერკვილაძის სამქულიანებით, საქართველო მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 83:70 დაწინაურდა. ამის შემდეგ პორტუგალია შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და სავსე ტრიბუნებით გამხნევებული ქართველი კალათბურთელების შეჩერება ვეღარ შეძლო – 92:78 საქართველოს სასარგებლოდ.
„ჯვაროსნებში“ ყველაზე მეტი, 22 ქულა მარკის რიდმა ჩააგდო, 17 ქულა ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს, 14 – თორნიკე შენგელიას, 12 – დუდა სანაძეს, 15 – რატი ანდრონიკაშვილს.

გიორგი ზურაბიანის ფოტო
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT
- [VIDEO] უდიდესი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დამაჯერებლად დაამარცხა!
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველომ პორტუგალია 92:78 დაამარცხა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…