გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ძვირფასი" რუსი ხალხის მომაკვდინებელი სიყვარული
გიორგი თარგამაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების შესაძლო დასჯის შემდეგ კობახიძის მხრიდან „რუსი ხალხის სიძვირფასეზე“ საუბარი კრემლისადმი მორჩილების სიგნალია. ავტორის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ მოსკოვთან დიალოგს საკუთარი ლოიალურობის მანიფესტაციად აქცევს.

მოსკოვთან დაახლოების ფორმალიზების პროცესი აჩქარდა. ჯერ მომლაპარაკლებლის სტატუსი, შემდეგ მინსკი და ახლა უკვე თბილისსა და მოსკოვში შეხვედრების მზაობა.
ირაკლი კობახიძეს მოსკოვში საქართველოს დროშის აფრიალება „შესანიშნავ მოვლენად“ მიაჩნია.
მაგრამ მინსკში პირველი შეხვედრის შემდეგ რაღაც აირია.
კობახიძის სპეცწარმომადგენელი ზურაბაშვილი მოსკოვიდან მიღებული პასუხებით „გაოცებული და გაოგნებული“ დარჩა. თურმე სანქციების მოხსნას ელოდა, გალუზინმა კი აუწყა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასჯას აპირებენ. მიზეზებად ღვინის ხარისხი, უკრაინის მხარდაჭერა და „ანტირუსული საქმიანობა“ დაუსახელეს.
ზურაბაშვილი იმდენად განაწყენდა, რომ რუსეთის მოთხოვნებში „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ მიმართული გეგმაც კი დაინახა: მოსკოვი, თურმე, ოპოზიციას აძლიერებს და „ოცნების“ პრორუსულ იმიჯს კვებავს.
ეს უკვე პოლიტიკური კომედიის განსაკუთრებული ჟანრია: ხელისუფლება წლებია საქართველოს დასავლელ მეგობრებს ქვეყნის მტრებად აცხადებს, რუსეთს კი ყველა ბრალდებისგან იცავს; უცებ მოსკოვი ოდნავ მოუჭერს ეკონომიკურ ყულფს და „ოცნება“ აღმოაჩენს, რომ რუსეთი მის პრორუსულობას ააშკარავებს.
თუმცა ეს დაბნეულობაც დიდხანს არ გაგრძელებულა.
კობახიძემ გალუზინის პასუხები გააკრიტიკა, მაგრამ დამნაშავედ ისევ „დიფ სთეითი“ გამოაცხადა. იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების „უმაღლეს ეშელონებში“ ყველაფერს სწორად გაიაზრებენ. ბოლოს კი მოსკოვის მოსათაფლად მთავარი სათქმელიც ჩამომარცვლა:
„რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი“.
ამ სიტყვებში შემთხვევითი არაფერია.
კობახიძის პირით ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებას ეუბნება: პრობლემა თქვენში კი არა, სადღაც თქვენს ქვემოთ შეპარულ „დიფ სთეითშია“; თქვენი „უმაღლესი ეშელონები“ გონიერია, რუსი ხალხი კი - ჩვენთვის ძვირფასი.
მაგრამ რატომ გახდა აუცილებელი სწორედ ახლა ამ განსაკუთრებული სიყვარულის დემონსტრირება?
რუსი და საერთოდ არცერთი ხალხის მიმართ სიძულვილი არც შეიძლება და არც გვჭირდება. ადამიანების ეროვნების მიხედვით განსჯა ჩვენი გზა არ არის. მაგრამ ასევე დაუშვებელია ხალხის სახელით რუსეთის სახელმწიფოს დანაშაულებრივი ბუნების შეფუთვა და მისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის ჩამოცილება.
მიხაილ ეპშტეინი რუსულ პოლიტიკურ კულტურას „ანტისამყაროს“ უწოდებს - სისტემას, რომელიც საკუთარი მიღწევებით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, რასაც უპირისპირდება: თავისუფლებას, სამართალს, მომავალს, დასავლეთს, დამოუკიდებელ მეზობლებს.
ასეთ სახელმწიფოს თავის საზღვრებთან თავისუფალი საქართველო არ სჭირდება. სჭირდება საქართველო, რომელსაც ფორმალურად შეიძლება საკუთარი დროშაც ჰქონდეს, მაგრამ მისი პოლიტიკური ნება მთლიანად მოსკოვის ნებაზე იყოს დამოკიდებული.
რუსეთის „სიყვარულიც“ სწორედ აქედან მოდის.
ეპშტეინი ამ რუსულ ინვერსიას ასე აყალიბებს: გიყვარდეს - ნიშნავს კლავდე.
და თუ ვინმეს ეს მხოლოდ მწერლის მეტაფორა ჰგონია, ალექსანდრ დუგინმა სულ ახლახან მისი სიტყვასიტყვითი განმარტება შემოგვთავაზა.
რუსული სამყაროს ( რუსკი მირის) ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა უკრაინელებს ასე მიმართა:
„ჩვენ გვიყვარხართ, პატივს გცემთ და, თუნდაც იძულებული ვიყოთ დაგხოცოთ, საკუთარ ძმებსა და დებს ვესვრით - გულში, სახეში, თავში.“
შემდეგ კი განმარტა, რომ ამას რაღაც „ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის“, „ხსნისა და გარდასახვის სახელით“ აკეთებენ. ბოლოს უკრაინელებს ისიც უთხრა: თქვენ გხოცავთ იმისთვის, რომ კვლავ ერთი გავხდეთ, რადგან ჩვენ და თქვენ ერთნი ვართ.
[ დუგინის ვიდეო ]
ძნელია რუსული იმპერიული სიყვარულის უფრო ზუსტი განმარტება მოიფიქრო.
რუსული სიყვარული - ეს არის კანიბალური სიყვარული: იმდენად „უყვარხარ“, რომ შენს ცალკე არსებობას ვერ ეგუება. გკლავს არა იმიტომ, რომ უცხო ხარ, არამედ იმიტომ, რომ მის ნაწილად არ ყოფნას ბედავ. შენს სხეულს ანადგურებს, შენს მიწას იკავებს, შენს ისტორიას ითვისებს და ამას შენსავე „ხსნას“ უწოდებს.
დუგინმა ხმამაღლა თქვა ის, რაც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის შინაარსი საუკუნეების განმავლობაში იყო და არის.
საქართველოსაც „ერთმორწმუნე ძმას“ ეძახდნენ და ამ ,,სიყვარულით" აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაიკავეს; ქართველები საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს; მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზთან იტაცებენ; ჩვენს მიწაზე სამხედრო ბაზები ააშენეს და საქართველოს სახელმწიფოს არსებობას დღემდე დროებით გაუგებრობად განიხილავენ.
[ პუტინი ქართული სამთავროების რუსეთთან შეერთებაზე ]
ეს არ არის ხალხებს შორის სიყვარული. ეს იმპერიის ინსტინქტია, რომელიც მეზობელს მხოლოდ ორ მდგომარეობაში აღიარებს - დამორჩილებულად ან დასასჯელად.
ამიტომ პრობლემა ის კი არ არის, უნდა ველაპარაკოთ თუ არა რუსეთს. ოკუპანტთან საუბარი ზოგჯერ აუცილებელიცაა - ტყვეების, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული პრობლემებისა და დეოკუპაციისთვის.
მთავარია, ვინ ვის ელაპარაკება, რა მანდატით, რა წითელი ხაზებით და რა მიზნით.
მაგრამ როცა დიალოგი იწყება არა ოკუპაციის ფასის გაზრდით, არამედ მოსკოვისთვის პოლიტიკური კომფორტის შექმნით; როცა თბილისი რუსეთის საგარეო უწყების ზეწოლაშიც „დიფ სთეითს“ ეძებს და კრემლის „უმაღლეს ეშელონებს“ უცოდველ მსაჯულად აღიარებს - ეს უკვე დიალოგი აღარ არის.
ეს ლოიალურობის მანიფესტაციაა.
„ქართული ოცნება“ დასავლეთს მუდმივად ახსენებს მის შეცდომებს, რუსეთს კი - საკუთარ სიყვარულს. ევროპასთან ქართულ სუვერენიტეტს იცავს, მოსკოვთან კი რუსეთის „ობიექტურ ინტერესებს“ უფრთხილდება.
ამიტომაც არის ივანიშვილის პრემიერისთვის რუსი ხალხი „ძვირფასი“ სწორედ იმ დღეს, როცა მოსკოვმა მისი ხელისუფლება დაამცირა.
ეს სიტყვა ხალხის სიყვარულს კი არ გამოხატავს - კრემლისადმი მორჩილების სიგნალია:
შეიძლება დაგვსაჯოთ, შეიძლება დაგვამციროთ, შეიძლება ჩვენი მიწა გქონდეთ ოკუპირებული - ჩვენ მაინც თქვენს „უმაღლეს ეშელონებს“ მივმართავთ და თქვენს ხალხს სიყვარულს ავუხსნით.
რუსეთი მეზობლებს მანამდე ეძახის ძმებსა და ძვირფას ხალხებს, სანამ ისინი საკუთარ თავისუფლებაზე უარს იტყვიან.
საქართველოს კი ასეთი სიყვარული უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…