ახალგორის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი დააკავეს
ოკუპირებული ახალგორის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი ვალიევი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სიყალბის ბრალდებით დააკავეს, რასაც თავად არ აღიარებს.

ინფორმაცია 27 ნოემბერს დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა. უწყების ცნობით, ვალიევს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს.
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივებმა გზების მდგომარეობაზე დაიჩივლეს. გამოძიების ვერსიით, 2024 წელს ვალიევმა რაიონის კომუნალურ სამსახურთან გზების მოვლაზე ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები არ ჩატარებულა, თუმცა ვალიევის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა დოკუმენტებზე ხელმოწერით მათი შესრულება დაადასტურეს. უწყების განცხადებით, ამან რაიონის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
პროკურატურის განცხადებამდე ვალიევის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა დაწერა. მეარაყიშვილი წლების განმავლობაში საჯაროდ საუბრობდა ახალგორის რაიონში შესაძლო კორუფციაზე და თავად ვალიევსაც აკრიტიკებდა.
მეარაყიშვილი 2025 წლის დეკემბერში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გააძევეს. ის დე ფაქტო პრეზიდენტს, მარატ კამბოლოვს, ახალგორში უსაფრთხოდ დაბრუნების თხოვნით მიმართავს.
ვალიევი თანამდებობაზე 2023 წლის 24 ოქტომბერს მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დანიშნა და ამ გადაწყვეტილებას მაშინვე კრიტიკით შეხვდნენ. გაგლოევი ახლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მრჩეველია.
24 ნოემბერს პუტინმა ის სამხედრო მემორიალებისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლადაც დანიშნა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…