პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ხელმძღვანელი ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დააკავა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურამ ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მურთაზ ვალიევი დააკავა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი სიყალბე და გზების მოვლა-პატრონობის თანხების მითვისება, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ხელმძღვანელი ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დააკავა
ნეტგაზეთი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გენერალურმა პროკურატურამ ახალგორის [დე ფაქტო სახელწოდებით – ლენინგორის] რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მურთაზ ვალიევის წინააღმდეგ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. ამის შესახებ დე ფაქტო გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იუწყება.

უწყების ცნობით, გამოძიება რაიონის მცხოვრებლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მოქალაქეები გზების არასათანადო მდგომარეობასა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარებაზე საუბრობდნენ.

ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას რეალურად არ აპირებდა, რაიონის საავტომობილო გზების მოვლა-პატრონობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა ადმინისტრაციასთან არსებულ სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამმართველოსთან“.

უწყების მტკიცებით, ხელშეკრულების ფორმალური ხასიათის დასამალად ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩართო პირები, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს სახელით სამშენებლო კონტროლის სპეციალისტებად მოქმედებდნენ. მათ ხელი მოაწერეს შესრულებული სამუშაოების აქტებს, რომლებშიც, [დე ფაქტო] პროკურატურის თანახმად, შეგნებულად იყო შეტანილი ყალბი ინფორმაცია სამუშაოების შესრულების შესახებ.

ე.წ. პროკურატურის ცნობით, გზების მოვლა-პატრონობის სამუშაოები რეალურად არ ჩატარებულა, რის შედეგადაც საბიუჯეტო თანხები არამართლზომიერად დაიხარჯა და რაიონის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მეორე ნაწილით (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე) წარუდგინეს.

დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრალი არ აღიარა. ის დაკავებულია და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი წყდება. გამოძიება ასევე ამოწმებს, ხომ არ იკვეთება მისი მხრიდან სხვა სამართალდარღვევების ფაქტები.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო და მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაში შედიოდა. რაიონს, რომელიც ერთ დაბასა და 116 სოფელს აერთიანებდა, ომამდე დაახლოებით 7 600-7 700 ადამიანი ცხოვრობდა, მათი უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რაიონი რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლების კონტროლქვეშ მოექცა. დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონს საბჭოთა პერიოდის სახელწოდება “ლენინგორი” დაუბრუნა. ომის შემდგომ პერიოდში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რაიონი დატოვა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.

ახალგორი ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებული რაიონია. ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს გადაადგილების შეზღუდვები. 2019 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის მთავარი გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რის გამოც მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება შეეზღუდა. მას შემდეგ დე ფაქტო მთავრობა ქართულ მხარეს მოსახლეობის გადაადგილებისთვის გამშვებ პუნქტს პერიოდულად ხსნის.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას შეუძლია, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოსწაიკითხე

უახლესი ამბები