ზურაბ პატარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამინისტროს თანამშრომლებსა და სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტი 97 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, დაფინანსების ზრდისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ფოკუსირებით, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტი 97 მილიონ ლარამდე გაიზარდა და დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა მომავალშიც იგეგმება.
მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური განვითარების უმთავრესი მიზანი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას.
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა კურორტ გოდერძიზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობაზე. ცენტრი სრულად აღიჭურვება, რაც ადგილზე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.
მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ყველა ოჯახისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები უნდა შეიქმნას.
ზურაბ პატარაძე მოქალაქეთა მიღების პროცესსაც დაესწრო. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზეც. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სამინისტროს ახალ, უსაფრთხო შენობაში განთავსება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…