გურამ მაჭარაშვილი იგორ ივანოვის შესახებ სააკაშვილის პოსტზე: „ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიერ იგორ ივანოვზე დაწერილი და წაშლილი პოსტი მორიგი მტკიცებულებაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში უცხოეთის, მათ შორის რუსეთის დახმარებით მოვიდა.

„ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა სააკაშვილის იმ პოსტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც იგორ ივანოვს ეხებოდა და სოციალური ქსელიდან მალევე წაიშალა.
„სააკაშვილი როგორიც მაშინ იყო, ახლაც ისეთია – რა მიდგომებიც ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იგივე მიდგომები აქვს ახლაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ, რაც წლები გადის, ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ თავის პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში უკვე ვეღარასდროს მოვა. მას უჭირს ამასთან შეგუება და სწორედ ამიტომ უმტყუნებს ხოლმე ნერვები და აღიარებს იმ სიმართლეს, რაც თვითონაც კარგად იცის.
დავა იმაზე, რომ ეს რევოლუცია ამერიკამ მოაწყო თუ რუსებმა, ერთი წუთით გვერდზე რომ გადავდოთ, ესე იგი, დადასტურდა, რომ უეჭველად უცხო სახელმწიფომ მოაწყო, დადასტურდა, რომ თავად ის არაფრის მომწყობი არ იყო და სხვა ქვეყანა დაეხმარა ამაში. ეს კიდევ ერთი აღიარება იყო მისი მხრიდან და კიდევ ერთი მტკიცებულება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.
რაც შეეხება იმას, უფრო რუსებმა დაუჭირეს მხარი სააკაშვილს თუ ამერიკელებმა – მე მგონია, რომ ორივემ, სავარაუდოდ. თუმცა ამ შემთხვევაში ვერანაირი შეღავათი ვერ იქნება სააკაშვილისთვის, უფრო მეტად რუსეთისგან იქნება მხარდაჭერილი თუ ამერიკისგან, მაგრამ ერთადერთი, რაც შეიძლება მას ზედმეტ ტვირთად დააწვეს, არის ის, რომ მუდმივად იმეორებდა, რუსები არიან ჩვენი მტრებიო, თუმცა, როცა მას სჭირდებოდა, იმასაც ამბობდა, რომ რუსი ტურისტები უნდა შემოვიდნენ, ინვესტიციებიც უნდა შემოვიდეს და ა.შ.
ის, რომ აღიარა, ივანოვი ჩამოვიდა და ხელი ჩამოართვაო, მან ეს რომც არ აღიაროს, პირობითად, ამის ფაქტები და ვიდეოები არსებობს. სანამ არ ჩამოვიდა ივანოვი, მანამდე კარგ ხასიათზე არ იყო სააკაშვილი, ხოლო რომ ჩამოვიდა და გადაეხვივნენ ერთმანეთს, სააკაშვილი გახდა უკვე პრაქტიკულად დეფაქტო პრეზიდენტი და ძალიან კარგ ხასიათზე დადგა.
ივანოვთან დაკავშირებით კი მან პოსტი წაიშალა იმიტომ, რომ, ეტყობა, ჯერ კიდევ თავისმა დარჩენილმა მომხრეებმა უთხრეს, ნამეტანი მოგივიდა და იქნებ აიღო ეს პოსტიო. მერე ალბათ თვითონაც მიხვდა, რომ ნამეტანი აღიარება იყო ეს მისი მხრიდან, მაგრამ ამის ვიდეოები არსებობს და ამ შემთხვევაშიც მორიგი მტკიცებულებაა ეს იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მაშინაც უცხოეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, რუსეთის დახმარებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…