კვების რაციონში გარკვეული ცვლილებები შევიდა – თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, ნოროვირუსის გავრცელების გამო ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და კვების რაციონშიც გარკვეული ცვლილებები შევიდა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ეყრდნობა.
სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ „გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით“.
უწყებამ არ დააკონკრეტა რას მოიცავს ეს ცვლილებები და ამოღებულია თუ არა მენიუდან რძისა და ხორცის პროდუქტები, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მედიაში მანამდე გავრცელდა.
სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს:
„ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს. ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით.
შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს“.
NCDC-ის თქმით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.
ბავშვები, რომლებიც ბოლო დღეებში პირღებინებითა და მუცლის ტკივილით მოხვდნენ კლინიკებში, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან. ბაგა-ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესიც შეჩერდა.
მიხეილ სარჯველაძემ 19 სექტემბერს თქვა, რომ 100-ს აჭარბებდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ. ამავე დღეს საკითხის შესახებ ისაუბრა თბილისის მერმა, რომლის განცხადებითაც, მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ „ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა“ ან ამის გამორიცხვა, სწორი არ იქნება. მისი განცხადებით, ელოდებიან შესაბამისი სამსახურების მოკვლევას.
იხილეთ ასევე:
როგორ მოხვდა ნოროვირუსი ორ ათეულზე მეტ ბაგა-ბაღში — NCDC-ის განცხადება და პასუხგაუცემელი კითხვები
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.