„ალიანსი“ 28 ნოემბერს მსვლელობას თსუ-დან უერთდება, ენმ - ავლაბრიდან
28 ნოემბერს თბილისში უწყვეტი პროევროპული პროტესტის ორწლიან თავზე აქცია გაიმართება, რომელსაც „ალიანსი“ თსუ-დან, ენმ კი ავლაბრიდან შეუერთდება. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

„ალიანსი“ მოქალაქეებს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებისკენ მოუწოდებს, ენმ კი იმავე დროს ავლაბრის მეტროსთან „შაბათის მარშს“ შეუერთდება. ორივე მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადება
„ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ 27 ნოემბრის ბრიფინგზე ორწლიან უწყვეტ პროტესტზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროპულ მომავალს, მოქალაქეები კი მას შემდეგ საქართველოს ევროპულ არჩევანს იცავენ.
„დღეს, როდესაც რუსეთი ჰიბრიდული ომის დასკვნით ეტაპზეა საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც სამშობლოს ღალატი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მომავლის გარანტი არის ქართველი ხალხი“, - განაცხადა ლემონჯავამ.
მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება საქართველოს გამთლიანებამდე, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებამდე. ლემონჯავამ მოქალაქეებს მოუწოდა, 28 ნოემბერს თსუ-სთან შეიკრიბონ და იქიდან თავისუფლების მოედნისკენ ერთად გაემართონ.
„ეს არ არის პარტიული დღე, ეს არ არის დღე, რომელიც ეკუთვნის რომელიმე ორგანიზაციას, რომელიმე ერთ ადამიანს, ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა“, - თქვა მან.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება
ენმ-ის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, 28 ნოემბერს ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბონ. მან ორი წლის წინ დაწყებულ პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, მოქალაქეებმა ბრძოლა გააგრძელეს.
„ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, ჩვენ უნდა შევიკრათ, ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა იმ ბანდას, რომელმაც მიიტაცა ეს ძალაუფლება და რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის უბოროტეს მტერს, კრემლს და რუსეთს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, 28 ნოემბრის აქციაზე მოქალაქეებმა თავიანთი სიმრავლე უნდა აჩვენონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
„უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს“, - თქვა ფავლენიშვილმა.
რატომ გაიყო „ალიანსისა“ და „ნაცმოძრაობის“ გზები
„ოპოზიციის ალიანსი“ 2026 წლის 2 მარტს ცხრა პარტიამ შექმნა. ისინი საერთო სტრატეგიასა და მოქმედების წესებზე შეთანხმდნენ. მათ მიზნებს შორის იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ალიანსის დამფუძნებლები იყვნენ:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ახალი“
„გირჩი - მეტი თავისუფლება“
„დროა“
„სტრატეგია აღმაშენებელი“
„ფედერალისტები“
„ევროპული საქართველო“
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
„თავისუფლების მოედანი“
ენმ-სა და ალიანსის სხვა წევრებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი საგანი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკპოსტები იყო. ყოფილი პრეზიდენტი ალიანსის სტრატეგიასა და მის ცალკეულ წევრებს აკრიტიკებდა. ივნისში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ენმ-ის წარმომადგენლები ალიანსის შეხვედრებს აღარ ესწრებოდნენ და არც 26 მაისის აქციის მომზადებაში მონაწილეობდნენ.
2 ნოემბერს ალიანსის ფეისბუკგვერდზე პროფილის ფოტო შეიცვალა - განახლებულ ფოტოზე რვა პარტიის სიმბოლიკა დარჩა, ენმ-ის ლოგო კი აღარ ჩანდა. „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მაშინ თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალიანსი ექვსი თვით ადრე დატოვა.
ენმ-ის მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ თქვა, რომ პარტია ალიანსიდან გარიცხეს. წითლიძის თქმით, ენმ-ში ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც განახლებულ ფოტოზე პარტიის ლოგო ვეღარ ნახეს.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე
28 ნოემბრის აქცია იმ დროს იმართება, როდესაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს. პარლამენტის 88 დეპუტატი ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას. საქმის განხილვა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
რას ეძღვნება 28 ნოემბრის აქცია
28 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქცია უწყვეტი პროევროპული პროტესტის ორი წლისთავს ეძღვნება.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. იმავე საღამოს ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა. აქციების დროს დაშავდნენ დემონსტრანტები, პოლიციელები და ჟურნალისტები. საპროტესტო აქციების დარბევის გამო არაერთმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა პოლიციის მაღალჩინოსნებსა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ პირებს.
მას შემდეგ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უწყვეტად გრძელდება. ამ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ შეკრებისა და მანიფესტაციის წესები არაერთხელ გაამკაცრა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…